სამშენებლო კომპანიების მიერ დაზარალებული მოქალაქეების დავები სასამართლოში უკვე წლებია აქტუალობას არ კარგავს. თუმცა, კანონი, რომლითაც სახელმწიფო სამშენებლო პროცესს მოაწესრიგებს და გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან მოქალაქეებს დაიცავს, ქვეყანაში არ არსებობს. ერთადერთი გამოსავალი, რომლითაც დაზარალებულმა შეიძლება ისარგებლოს სასამართლოა, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაც ვერ ხერხდება.
რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა, სანამ სამშენებლო კომპანიას ბინის ასაშენებლად ფულს გადაუხდიან, როგორ შეიძლება დაკმაყოფილდეს დაზარალებულის ინტერესი და რა როლი აქვს დავის მოგვარების საკითხში სახელმწიფოს, ამ საკითხებზე "გურია ნიუსი" ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრს, ირაკლი ყანდაშვილს ესაუბრა.
_სამშენებლო კომპანიების მიერ მოტყუებული მოქალაქეების ინტერესების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები წლებია აქტუალობას არ კარგავს. რის გამოც, არაერთი სასამართლო პროცესი დღემდე მიმდინარეობს. რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა სანამ ამა თუ იმ სამშენებლო კომპანიას ბინის ასაშენებლად ფულს გადაუხდიან და შეინიშნება თუ არა, ამ მხრივ, რაიმე პროგრესი სამართლებრივი კუთხით?
_ ძალიან აქტუალური საკითხია და ეს თემა თავის აქტუალობას არც არასოდეს დაკარგავს, რადგან უკვე დაგროვდა გარკვეული გამოცდილება მსგავს პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით. ქვეყანაში რამდენიმე ათეული მოქალაქეა, სამშენებლო კომპანიების მიერ დაზარალებული, რომლებსაც ვერ შეუსრულეს ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები ან არაგონივრული ვადით დაუგვიანეს ბინების ჩაბარება. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც წლების წინ სამშენებლო კომპანიებს მხოლოდ თანხები აქვთ აღებული, თუმცა საცხოვრებელი ადგილების საძირკველიც კი არ აქვთ ამოთხრილი.
ამ კატეგორიის მოქალაქეებს რეალურად და ეფექტურად მოქმედი კანონმდებლობა ვერ იცავს, რადგან ბევრი სამშენებლო კომპანია წლების მანძილზე ხელოვნურად ან ეკონომიკური კრიზისის თუ საომარი მოქმედებების გამო გაკოტრდა, ან თუნდაც, ამ კომპანიებზე რიცხული ქონება არ არის ხოლმე საკმარისი ნაკისრი ვალდებულებების გასასტუმრებლად.
ფაქტია, ისიც, რომ თუნდაც თბილისის მაგალითზე, არსებული საცხოვრებელი სახლების 60% ფაქტობრივად ხელახლა არის ასაშენებელი, რის წინაპირობას მათ შორის სახლების სიძველე, დაზიანებული შენობები და მრავალი სხვა რამ განაპირობებს. მეორე მხრივ, ქალაქის ევროპეიზაციის გზაზე, ეს საჭირო ნამდვილად გახდება, თუმცა, რა თქმა უნდა, ქალაქს არ უნდა დაეკარგოს თავისი იერსახე.
_ რა თავდაცვის მექანიზმი არსებობს მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად?
_ სამართლებრივი კუთხით, ევროპული გამოცდილებით შეიძლება ითქვას, რომ უპრიანია ნებისმიერ სამშენებლო ბიზნესს უკან ედგას მძლავრი ფინანსური კორპორაციები, რაც უნდა გახდეს დასაწყები მშენებლობების წარმატებით დასრულების ფინანსური გარანტია და ფართების შემძენთათვის გარანტია, რომ მათ მიერ გაწეული ხარჯი არ დაიკარგება და სანაცვლო შესრულებას დასრულებული ბინების/შენობების სახით მიიღებენ.
წლებმა აჩვენა, რომ 200-ლარიანი კაპიტალით შექმნილმა სამშენებლო კომპანიებმა მრავალი მოქალაქე აზარალეს და ამ ხალხს დღემდე არც ბინები ჩაბარებიათ და არც თავიანთი გადახდილი თანხები უკან არ დაბრუნებიათ.
ამ მიმართულებით, ალბათ, სახელმწიფო პოლიტიკაც უნდა შემუშავდეს, თუნდაც სამშენებლო ბიზნესის დაგეგმარების და განვითარების კონკრეტული სტრატეგია, მათ შორის სამშენებლო ბიზნესის განვითარებისთვის პირობების შექმნის მიზნით, რადგან ნებისმიერი ასეთი წარუმატებელი მშენებლობა და დამატებითი დაძაბულობა წარმოადგენს სახელმწიფოსთვის დამატებით თავის ტკივილს.
_მხოლოდ 200-ლარიანი საწესდებო კაპიტალის კომპანიებს არ შეუქმნიათ პრობლემები მოქალაქეებისთვის და მსხვილ კომპანიებსაც, მაგალითად, "ცენტრ პოინტსაც", დაუზარალებია არაერთი მოქალაქე. ამ კომპანიის ან მსგავსი კომპანიების მიმართ საქმე თუ გიწარმოებიათ და რამდენად დაკმაყოფილდნენ მოდავე მხარეები?
_ გეთანხმებით, მსხვილ, მაგრამ მაინც საკუთარ სახსრებზე შემყურე კომპანიებსაც, არაერთი პრობლემა შექმნიათ, მათ შორის მართლაც გამოირჩევა "ცენტრ პოინტი". როგორც წესი, ამ კომპანიის მიმართ მიმდინარე სასამართლო დავები მოქალაქეების სასარგებლოდ სრულდება, თუმცა, შემდგომ უკვე აღსრულებაში ჩერდება საქმეები. დღესაც ასეა. რეალურად ყველა საქმის აღსრულება შეჩერებულია, იმის გამო რომ კომპანიას არაფერი გააჩნია, რითაც ხალხი შეიძლება დაკმაყოფილდეს ან მათ ქონებებს ადევს პროკურატურის ყადაღა და მიმდინარეობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე კომპანიის დამფუძნებლების მიმართ. თუმცა, მოქალაქეებს აქედან ხეირი არ აქვთ. თუნდაც მოხდეს დამფუძნებლების სისხლის სამართლის წესით გასამართლება, თუ მათ ფინანსური რესურსი არ გააჩნიათ, რას მიიღებს ეს ხალხი?! არც ის მგონია, რომ დაზარალებული მოქალაქეების პირველადი ინტერესი ვინმეს საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსება იყოს, ხალხს საკუთარი ბინები ან თანხების უკან დაბრუნება აინტერესებს. გარდა ამ მაგალითისა, უამრავი შემთხვევაა, როდესაც ადამიანებს, უკვე დასრულებულ მშენებლობებში აქვთ ნაყიდი ფართები, მაგრამ ფართები ფიზიკურად არ არსებობს, რადგან ან ორჯერ და მეტჯერ გადაყიდული აქვს სამშენებლო ამხანაგობებს ან კომპანიებს, ან საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფართები ფაქტობრივ ადგილზე იმ ოდენობით არ მოიძიება, რომ ყველა მოქალაქის ინტერესი დაკმაყოფილდეს. შემიძლია კონკრეტული მაგალითი დაგისახელოთ – დასრულებულ სამშენებლო ფართში, ჩიტაძის #11-ში ("ევრობილდინგის" მიერ ნაწარმოები სამშენებლო ობიექტი) მოქალაქე ი.ს-ს სამშენებლო ამხანაგობისგან ნაყიდი აქვს ავტოფარეხები, რაც საერთოდ არ მოიძიება. საქმე აშკარა თაღლითობის ნიშნებს შეიცავს. მეორე მხრივ, იმავე ფართში, ამ მოქალაქეს შეძენილი აქვს ავტოფარეხები კონკრეტული საკრედიტო დაწესებულებისგან ("თი-ბი-სი ლიზინგი") და ეს ავტოფარეხები თავისი ფართის შესაბამისად ხელმიუწვდომელია და გადაფარვაშია ორ მომიჯნავე მეზობელთან.
_ ამ შემთხვევაში რა გამოსავალი არსებობს?
_ ასეთი შემთხვევა არაერთია. მათ სხვა გზა არ დარჩენიათ თუ არა ისევ სისხლის სამართლის წესით დავის გზას დაადგნენ. ანუ შესაქმნელია მოდელი, როდესაც ასეთ ელემენტარულ შემთხვევებში მოქალაქეები მოტყუებულები არ გამოვლენ. ადამიანმა თუ გადაიხადა თანხა და სანაცვლოდ საკუთრების უფლება ვერ მოიპოვა ეს ყველა შემთხვევაში წარმოშობს სამართლებრივ პრობლემას.
_ ამ საკითხს კანონი და სახელმწიფო ვერ აგვარებს?
_ საჭიროა, სამშენებლო საქმისწარმოების წესების და სამშენებლო საქმის წარმოების მოსურნე კომპანიებისა თუ პირებისთვის ერთგვარი სტანდარტების შემუშავება, რაც ახლა არ არსებობს. ამის საფუძველზე კი, ყოველ მეორე პირს სამშენებლო საქმისწარმოების ნებართვა არ უნდა მიეცეს, ძირშივე შემოწმებული უნდა იყოს და გარანტირებული რომ დაწყებული სამშენებლო საქმე წარმატებით დასრულდება; ამას სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს და აღნიშნულის მიხედვით ხდებოდეს სამშენებლო სამუშაოების ნებართვის გაცემა. მეორე მხრივ, ფინანსური კორპორაციების მოზიდვა და დაინტერესება უნდა მოხდეს ამ კატეგორიის საქმეებში, რომლებსაც ინტერესი ექნებათ დაკავდნენ ამ ბიზნესით, ამ მიმართულებითაც (საგადასახადო შეღავათები იქნება თუ ნებისმიერი სხვა საჭიროება) სახელმწიფო სტრატეგია იქნება შესამუშავებელი, არ გამოვრიცხოთ, რომ მსგავსი კორპორაციების მონაწილეობა თუნდაც წინაპირობა იყოს სამშენებლო საქმისწარმოების დაწყებისა. ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ სისტემამ ისე უნდა იმუშაოს, რომ მშენებელიც კმაყოფილი იყოს და, რა თქმა უნდა, კონკრეტული შემძენიც, ფიზიკური თუ იურიდიული პირების სახით.