თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ თინა ხიდაშელს, დეკლარაცია 2015 წლის 5 იანვარს აქვს შევსებული.
ხიდაშელი თბილისში ფანასკერტელის ქუჩაზე 80 და 81 ნომრებში, 116 კვ.მ. და 60 კვ.მ ფართობის ბინების მფლობელია.
თინა ხიდაშელის მიმდინარე ანგარიშზე თიბისი ბანკში – 115 462.10 ლარი და 14 885.00 ევრო ირიცხება; სახელფასო ანგარიშზე ბანკ ქართუში კი, 169.00 ლარი. თინათინ ხიდაშელი ნაღდი ფულის სახით, დეკლარაციის შევსების მომენტში 5 000.00 ლარს ფლობდა. მან სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, შემოსავლის სახით 55 989.35 ლარი მიიღო.
რაც შეეხება უსუფაშვილი-ხიდაშელის შვილების – ალექსანდრესა და გრიგოლ უსუფაშვილების საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის მიხედვით, ალექსანდრე უსუფაშვილს თიბისი ბანკის ანაბარზე 16 800.00 დოლარი, გრიგოლ უსუფაშვილს კი ამავე ბანკში 11 200.00 დოლარი ჰქონდათ.
დეკლარაციის მიხედვით, თინათინ ხიდაშელმა წინა წელს ქველმოქმედებისთვის 9700.00 ლარი გასცა. ასევე, თინათინ ხიდაშელმა სწავლის გადასახადისთვის 4 300.00 ლარი გასცა.
თინათინ ხიდაშელს საერთაშორისო ორგანიზაციიდან შემოსავლის სახით 21 540.00 ევროს გრანტი აქვს მიღებული, თუმცა, დეკლარაციაში ორგანიზაციის დასახელება და თინა ხიდაშელის შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.