საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ერთი კვირით გადადოს ახალი მთავრობის წარდგენა საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა.
"პატივი ვცეთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას," _ განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა კონსტიტუციური უფლება, არ გადაეგზავნა დასამტკიცებლად ირაკლი ღარიბაშვილის მიერ შერჩეული მინისტრობის კანდიდატები პარლამენტში.
"დღეს იყო იმის ალბათობა, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის მოგვესმინა, მაგრამ პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი ვალდებულება და 7-დღიანი პერიოდი გამოიყენა, რაც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. ეს არ არის ექსტრაორდინალური მოვლენა, ის არჩეულია, იმიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს მისი აზრი, შეხედულებაა და პატივი ვცეთ კონსტიტუციას. მეტი ფიქრი არასოდეს არ არის ცუდი და მავნე. ქვეყანას ჰყავს მოქმედი მთავრობა და აგრძელებს მუშაობას. ხვალ პარლამენტის სხდომის ჩატარების აუცილებლობაც არ არის", _ განაცხადა უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა და ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის მუშაობის პროცესი ფორსმაჟორულად შეაფასა და პროცესი ერთი კვირით გადადო.
მან ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის ხშირად შეცვლის გამოც გააკრიტიკა.