ინტერპოლის ცენტრალურმა ბიურომ სადახლოს რკინიგზის განყოფილებაში მომსახურე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს საჩუქრად გადასცა MIND მოწყობილობა, რომელშიც განთავსებულია ინტერპოლის ხელთ არსებული მოპარული/დაკარგული სამგზავრო დოკუმენტების მონაცემთა სრული ბაზა (SLTD).
აქამდე საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ მატარებლებში ახორციელებენ პიროვნებების შემოწმებას, ინტერნეტისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე ინტერპოლის მონაცემთა ბაზასთან (SLTD) პირდაპირი კავშირის დამყარებას ვერ ახერხებდნენ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ შუამდგომლობით მიმართა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს, რის შემდეგაც საქართველოს მხარეს MIND მოწყობილობა საჩუქრად გადმოეცა.
MIND მოწყობილობა საშუალებას იძლევა მონაცემები გადამოწმდეს ინტერნეტთან წვდომის გარეშე. ზემოხსენებული ბაზა 45 მილიონზე მეტ ჩანაწერს მოიცავს, რომელიც ყოველდღიურად ახლდება ინტერპოლის წევრი ქვეყნების მიერ და ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, რადგან მოპარული ან დაკარგული დოკუმენტები ხშირად გამოიყენება ორგანიზებულ-დანაშაულებრივი და ტერორისტული ჯგუფების მიერ.