ქალაქ ოზურგეთში, წმინდა გიორგის ქუჩაზე, "ექადიის" უბანში მცხოვრები მოსახლეობა, ქალაქ ოზურგეთის მერს ბეგლარ სიორიძეს წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას სთხოვენ. ამ მიზნით დაახლოებით 22 ადამიანი დღეს, ქალაქ ოზურგეთის მერთან შესახვედრად მივიდნენ, თუმცა მათი განცხადებით, მერი შეხვედრაზე იმ მიზეზით არ იმყოფებოდა, რომ ის გურიის გუბერნატორის ხვდებოდა, მათ შესვლა ვიცე მერთან ალეკო ბურჭულაძესთან მოახერხეს.
წმინდა გიორგის ქუჩაზე მცხოვრებლები "გურია ნიუსს" დაუკავშირდნენ და ექადიის უბანში მისვლა გვთხოვეს. უგზოობა, უწყლობა, ჩაბნელებული მოსახლეობა _ ეს ის მოთხოვნები და პრობლემებია, რასაც ციცინო მიქელაძე, კარლო გულბიანი, ეთერი მენაბდე, თამაზ თავდუმაძე, თამარ მენაბდე, სოზარი გულბიანი, ლენა გიორგაძე, იაგო გოგუაძე ქალაქ ოზურგეთის ხელისუფლებას მოგვარებას სთხოვენ.
ექადიის უბნის მცხოვრებლების თქმით, წინასაარჩევნოდ ეკლესიამდე მისასვლელი გზა ხელისუფლებამ გააკეთა, ხოლო სადაც ეკლესიის გზა მთავრდება, იქ გზის რეაბილიტაცია შეწყვეტილია. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით 100 ოჯახი ცხოვრობს. მათი განცხადებით, წყალი ცენტრალურ ქუჩაზე არის, ხოლო შესახვევებში, არა, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობისთვის.
"ჩვენ ვითხოვთ იმ პრობლემების მოგვარებას, რაც დაგვპირდა ბატონმა ბეგლარ სიორიძემ არჩევნებამდე. როცა ჩვენთან იყო ამოსული და მოსახლეობას შეხვდა, დაგვპირდა, ოღონდ ხმა მომეცით და ამას, რასაც თქვენ ითხოვთ, საკუთარი ხარჯებით გავაკეთებთო, ხომ იცით როგორი ბიზნესი მაქვს, მე აგერ ვარ და წყლის მილები უკვე უკან მომყვებაო, საარჩევნო ხმები კი ქალაქ ოზურგეთში ექადიის უბნიდან წაიღო ყველაზე მეტი ბეგლარ სიორიძემ", _ ამბობდნენ შეკრებილები.
"დღეს შევხვდით ვიცე მერს, დაგვიბარა ხუთშაბათს, მაშინ მეცოდინება პასუხი თუ დაიწყება ამ პრობლემები მოგვარებაო"_ გვითხრა კარლო გულბიანმა.
თამარ მენაბდე ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ ერთ-ერთ უბანზე საარჩევნო კომისიაში მუშაობდა, სადაც დაჰპირდნენ, რომ გზა წმინდა გიორგის ქუჩაზე აუცილებლად გაკეთდებოდა, თუმცა არჩევნების დამთავრების შემდეგ მოსახლეობისთვის ამ მხრივ ყურადღება არვის მიუქცევია.
წმინდა გიორგის ქუჩის მცხოვრებლები ხელისუფლებას, ასევე ახსენებენ რამდენიმე თვის წინ სტიქიის დროს საყანე ფართობების წალეკვის მიცემულ პირობას.
"წყალდიდობა რომ იყო, წაგვართვა სულ ყანები, მოვიდნენ, მაშინ დაწერეთ განცხადებებიო, დავწერეთ, ზომები აიღეს და ვითომც არაფერი, გვინდა სულ 5 მურგი მავთული, მეტი კი არაა, ისიც არ მოგვცენ, წელს არც ყანა გვაქვს. მარტო დაპირებებია და მორჩა"- გვითხრა სოზარ გულბიანმა.
ეთერ მენაბდისა და ციცინო მიქელაძის თქმით, დღეს ვიცე მერთან შეხვედრის დროს, ქალაქ ოზურგეთში საბილიარდოს გაკეთებასთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.
"ახლა მოდის 2016 წელი და არჩევნებზე კიდევ დაგვპირდებიან, ახლა კი 50 000 ლარებს საბილიარდოს გაკეთებას უნდა მოახმარონ. ჩვენ ვუთხარით, ვიცე მერს, ალეკო ბურჭულაძეს, რომ ბილიარდის გაკეთებას, რომ სჭირდება ამდენი თანხა, იმას არ ჯობია გზა რომ გაგვიკეთოთო? ასე გვიპასუხა – ბილიარდის გაკეთებას სჭირდება 50 000 ლარიო და გზის დაგებას 2 მილიონი უნდა და არ გვაქვსო".
ექადიაზე, წმინდა გიორგის ქუჩაზე, მცხოვრები ლენა გიორგაძე, ერთ-ერთი მათგანია, ვინც უწყლობას უჩივის. და თავისი უბნის მცხოვრებლების მიერ მოთხოვნილ პრობლემების მოგვარებას ითხოვს. ის წინასაარჩევნოდ ქალაქის მერის ბეგლარ სიორიძის მოსახლეობასთან შეხვედრის დეტალებზე "გურია ნიუსთან" კიდევ ერთხელ იხსენებს:
"წინასაარჩევნოდ რომ იყო ბეგლარ სიორიძე ამოსული, ჩვენ ვუთხარით, 20 წელია გვპირდებიან გზას გაგიკეთებთო, მაგრამ კი ხედავთ რა მდგომარეობაცაა თქო. აქ იყო ამოსული სხვა მერობის კანდიდატები ვანიკო ტაბატაძე და შოთიკო გოგიბერიძე და ისინიც ამასვე გვპირდებიან მეთქი, ასე გვითხრა, ვინ არის ტაბატაძე, ვინ არის გოგიბერიძე, შენ ბეგლარ სიორიძეს იცნობო? მერე მოსახლეობას მიმართა, გაგიგიათ თქვენ ბეგლარ სიორიძის შესახებო? ჯერ იკითხეთ მე ვინ ვარ და მერე ისაუბრეთ მაგათზეო. აი, ნახეთ თუ არის გაკეთებული გზა, წყალი საერთოდ არ გვაქვს ჩვენ რამდენიმე ოჯახს და ხელით ვეზიდებით, რაც დაგვპირდა,- მოგვატყა!"_ ამბობს ლენა გიორგაძე.
როდის მოუგვარდებათ წმინდა გიორგის ქუჩის მცხოვრებლებს, შეასრულებს თუ არა ქალაქის მერი წინასაარჩევნო დაპირებას, ამაზე ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში ასეთ კომენტარს აკეთებენ:
"რაც შეეხება წინასაარჩევნოდ ქალაქის მერის ბეგლარ სიორიძის მიერ მოსახლეობისთვის გაცემულ დაპირებებს, ამაზე ქალაქის მერი აღნიშნავს, რომ წმინდა გიორგის ქუჩის გზის ნაწილი, ქალაქის მერის დაპირებისამებრ, კაპიტალურად გარემონტდა. მოეწყო სანიაღვრე არხებიც. ერთი თვის ვადაში გარეგანათება ქუჩის ყველა იმ მონაკვეთზე მოწესრიგდება, რომელთან დაკავშირებითაც მცხოვრებთა განცხადება შემოვიდა. მიმდინარე წელს ქუჩის მიმდებარე შესახვევებში ბეტონის საფარი დაიგება. რაც შეეხება ქუჩის დარჩენილ ნაწილს, ამ ეტაპზე საკმარისი ფინანსების არქონის გამო პრობლემები სრულად ვერ გვარდება, თუმცა ქალაქის მერიისა და მერის ყურადღების მიღმა წმინდა გიორგის ქუჩის მცხოვრებთა პრობლემა არ დარჩება და ახლო მომავალში აღნიშნული ქუჩა სრულიად რეაბილიტირებული იქნება."