ქალაქ ოზურგეთში, 9 აპრილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის მუნიციპალიტეტმა საკუთარი შემოსავლებიდან დააფინანსა. რეაბილიტაციის ფარგლებში ტროტუარები გარემონტდა და 6 ოჯახს ღობეები და ჭიშკრები გაუკეთეს.
აღნიშნული პროექტი შპს “ექსპრეს სერვის“-მა გააკეთა. მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 9 აპრილის ქუჩის კეთილმოწყობა 60 779 ლარი დაჯდა.
კითხვაზე _ რა პრიორიტეტით შეარჩიეს აღნიშნული ქუჩა, მერიის პრესსამსახურმა წერილობით გვიპასუხა:
_ 9 აპრილის ქუჩა ოზურგეთის ერთ-ერთ ისტორიულ უბანს წარმოადგენს. ამ ქუჩაზეა გურიელების ყოფილი სასახლეც, რომელიც დღეს შემოქმედის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციას წარმოადგენს.
ჩვენ დავინტერესდით ასეთი ტიპის სამუშაოები ჩატარდება თუ არა სხვა ქუჩებზე და გაურემონტდება თუ არა მოქალაქეებს ღობეები და ჭიშკრები. მერიაში ამბობენ, რომ "მსგავსი ტიპის სამუშაოებს მერია ქალაქის სხვადასხვა უბანში, საბიუჯეტო სახსრების შესაბამისად, გეგმავს".
_ რაც შეეხება 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაციას, მიზანი არა მოქალაქეების ღობეების და ჭიშკრების გარემონტება, არამედ ისტორიული ქუჩის იერსახის განახლებაა, _ გვწერენ ქალაქ ოზურგეთის მერიიდან.
მათივე ინფორმაციით მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებაა, რომელსაც ის დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებს (საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ პუნქტი, მე-15 მუხლის მე-2 ნაწილი).
_ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შემდეგი ქონება: ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მათი ნაწილები, ქუჩები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები; (საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 107-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ პუნქტი), მოგეხსენებათ რომ 9 აპრილის ქუჩა წარმოადგენს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას და მასზე, როგორც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, მუნიციპალიტეტმა ქონებრივი უფლებები (ამ შემთხვევაში გზის სავალი ნაწილის და ტროტუარის მოწესრიგება) მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განახორციელა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 110-ე მუხლი).
რაც შეეხება აღნიშნულ ქუჩაზე სასაზღვრე მიჯნების აღმართვის საკითხს, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს (ამ შემთხვევაში _ მუნიციპალიტეტს) შეუძლია მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს მონაწილეობის მიღება მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში ან უკვე არსებული, მაგრამ წაშლილი ან დაზიანებული მიჯნის აღდგენაში. გამიჯვნის ხარჯები მეზობლებს შორის თანაბრად ნაწილდება, თუ ურთიერთშეთანხმებით ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობით სხვა რამ არ არის დადგენილი. (საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“-ის 181-ე მუხლი), ამასთან მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და აკრძალული არ არის კანონით (საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 16-ე მუხლის მე-3 ნაწილი), _ აღნიშნულია მერიიდან გამოგზავნილ წერილში.
9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის რამდენიმე ჭადარი მოთხარეს. ამ ფაქტს ოზურგეთელების პროტესტი მოჰყვა და სოციალურ ქსელში სპეციალური გვერდიც კი შექმნეს:
_აი,ასე ვანდალურად გაანადგურეს საპატრიარქო რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიასთან (9 აპრილის ქუჩაზე) არსებული ათწლოვანი ჭადრები, სრულიად გაუმართლებელი მიზეზთა გამო, თითქოსდა საფეხმავლო ტროტუარის დაგების გამო! ეს არის ქალაქის მოსახლეობის წინაშე ჩადენილი დანაშაული!
ვშიშობ ქალაქის უბნებში არსებულ სხვა ჭადრებსაც ეს ბედი მოელით!
სად არის ის ფარისეველი საზოგადოება რომელიც თითქოსდა ქალაქის გამწვანებაზე ზრუნავს უაზრო ღონისძიებებით ?! _ ამ ტექსტით გამოქვეყნდა მოთხრილი ჭადრების ფოტოები ფეისბუქში.
მერიაში ამბობენ, რომ "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას ხის მოჭრის ნებართვა არ ესაჭიროება, რადგან ხელმძღვანელობს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის შესაბამისად“.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის თქმით "რეაბილიტირებულ ქუჩაზე საკომპენსაციოდ დაირგვება მუხის ხეები":
_ ქალაქ ოზურგეთში 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის მოიჭრა 3 ძირი ჭადრის ხე. ქალაქის მერიიდან გვაცნობეს, რომ ხეები ხელს უშლიდა სანიაღვრე არხის და ტროტუარის მოწყობას; მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას მუდმივად ექმნებოდა პრობლემა და იტბორებოდა ქუჩები. აცხადებენ, რომ ხეების მოჭრა გააზრებულად და ყოველგვარი წესის დაცვით მოხდა. კერძოდ, ნებართვა გაცემულია მუნიციპალიტეტთან არსებული კომისიის მიერ, რაზეც შემდგარია სათანადო აქტი. რეაბილიტირებულ ქუჩაზე საკომპესაციოდ დაირგვება მუხის ხეები. მოჭრილი ხეები სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.
აქვე გეტყვით, რომ გერმანიის მთავრობის (GIZ) დახმარებით, სამინისტროში შევიმუშავეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტი: „ხეების მოვლა და სხვლა-ფორმირება საქართველოს ქალაქებში “. იგი გულისხმობს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში მწვანე ნარგავების მოვლის ერთიანი წესის დანერგვას ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით. მუნიციპალიტეტებს ეს ინსტრუქცია დაეგზავნათ დასამტკიცებლად. პარალელურად, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის სასწავლო ქსელში მიმდინარეობს ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა ტრენინგი, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას გიგლა აგულაშვილმა.