ადვოკატებს მოსამართლეების წინააღმდეგ საჩივრების დაწერის გააქტიურებისკენ მოუწოდებენ.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ადვოკატების ნაწილს მეილზე წერილები მიუვიდათ, სადაც აღნიშნულია, რომ მოსამართლეების წინააღმდეგ საჩივრების დაწერა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეტანა გაააქტიურონ.
"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში" "გურია ნიუსს" განუცხადეს, რომ ადვოკატების საკონტაქტო ინფორმაცია მათთვის არავის უთხოვია, ამიტომ უჭირთ გადამოწმება, ნამდვილად მიიღო თუ არა ვინმემ მსგავსი წერილები.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისციპლინური კოლეგიის წევრი, ადვოკატი ქეთი ბექაური აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ როგორც ჩანს, საზოგადოება, მათ შორის მოსამართლეებიც, შეცდომაში შევიდნენ; რადგან ადვოკატებს არა მათ წინააღმდეგ საჩივრების დაწერა, არამედ, კვლევაში მონაწილეობა სთხოვეს. თუმცა, ბექაური დასძენს, რომ კვლევა 2014 წლის ბოლოს ჩატარდა და ადვოკატებისთვის კითხვარები მას შემდეგ არ გაუგზავნიათ.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით კი, აღნიშნული წერილები ადვოკატებს 2015 წლის აპრილსა და მაისში მიუვიდათ.
"ვეჭვობ, არასწორი ინფორმაცია გაქვთ. რადგან სადისციპლინო კოლეგიის არამოსამართლე წევრებმა მე და კახა წიქარიშვილმა კვლევისთვის შევადგინეთ კითხვარები, რომლებიც გაეგზავნათ პროკურორებს, ადვოკატებსა და მოსამართლეებს. ყველაზე მეტი აქტიურობა ადვოკატების მხრიდან იყო. თუმცა, კითხვარებში ჩვენ არ ვითხოვდით მოსამართლეების ვინაობასა და მათ წარმოებაში არსებულ საქმეთა შესახებ ინფორმაციას. ეს კანონის ფარგლებს სცილდება. გვაინტერესებდა კვლევისთვის ზოგადი აზრი ისინი პრაქტიკაში რა დარღვევებს აწყდებიან. ეს იყო ზოგადი ფორმულირებები, სადაც კონკრეტული პასუხები მივიღეთ, თუმცა ეს ინდივიდუალურ მოსამართლეებს არ ეხებოდათ", _ განაცხადა ბექაურმა "გურია ნიუსთან" საუბრისას.
თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე ადასტურებს და აცხადებს, რომ მოსამართლეთა წინააღმდეგ მიმართული ქმედებები "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პარალელურად ხორციელდება.
"არ მინდოდა ამ თემის გახმაურება, თუმცა მეც მაქვს ეს ინფორმაცია. ადვოკატებს მიუვიდათ წერილები შინაარსით, რომ რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაწერონ მოსამართლეებზე. სახელები და გვარებიც ვიცი ამ ადვოკატების, თუმცა ჯერჯერობით მათი დასახელებისგან თავს ვიკავებ. ეს არ არის ერთი და ორი შემთხვევა, რამდენიმე ადვოკატთან მივიდა ეს წერილები და თანაც არაერთხელ. ისიც ვიცი, ვინ გააგზავნა. რამდენიმე ადვოკატი მოვიდა საბჭოში და იკითხა, ასეთი შინაარსის წერილები მივიღეთ და რა ხდებაო", _ განაცხადა ლევან მურუსიძემ "გურია ნიუსთან" ინტერვიუში.
მისივე თქმით, ამის შემდეგ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საჩივრების რაოდენობამ მოიმატა.
"საგრძნობლად მოიმატა საჩივრების რაოდენობამ. ამიტომ ვამბობ, რომ კომპლექსურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომელიც მოსამართლეების წინააღმდეგ არის მიმართული. ადვოკატებს აგრძნობინეს, ველი გახსნილია და რაც შეიძლება ბევრი საჩივარი შემოიტანეთო. რაც არ უნდა მოსამართლეების მხარდაჭერაზე ისაუბრონ, ამ პირობებში, რის განხორციელებასაც აპირებენ, კანონში ცვლილებიდან დაწყებული, ვერ დააჯარებენ სისტემას, რომ ეს ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ კეთდება. მე კი, როგორც საბჭოს მდივანი ვალდებული ვარ მოსამართლეების მხარეს დავდგე და მათი უფლებები დავიცვა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ თუ მოსამართლის წინააღმდეგ საფუძვლიანი საჩივარი შემოვა, ჩვენ დისციპლინურ დევნას არ განვახორციელებთ. თვითონ ტენდენციაა შემაშფოთებელი, რომ ამ ფორმით დისციპლინური დევნა გავაძლიეროთ", _ აცხადებს მურუსიძე.
"გურია ნიუსი" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ამავე თემაზე:
ინსპექტორი სასამართლო სისტემის პროკურორი იქნება – მურუსიძე
მოსამართლეები შეცდომის გარეშე მუშაობენ თუ ისინი ვინმემ დაინდო, უნდა გაირკვეს _ გვენეტაძე