სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ სამინისტრო უახლოეს დღეებში სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამას წარმოადგენს. მისივე თქმით, ჩაის კულტურის აღორძინების კუთხით სერიოზული რეფორმები იგეგმება:
_ ჩვენ ვმუშაობთ გლობალურად, უახლოეს კვირებში გვინდა წარმოვადგინოთ სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამა. თქვენ იცით, რომ ჩამოსული იყო ჩემი კოლეგა ჩინეთიდან და მასთან შეხვედრის მთავარი თემა იყო ჩაის კულტურის აღორძინება; ძალიან სერიოზულ რეფორმებს ვაპირებთ ამ კუთხით, მათ შორის იქნება ის, რასაც რეაბილიტაცია ჰქვია და რაც, ძალიან მნიშვნელოვანია გურიისთვის როგორც ეკონიმიკურად, ასევე სოციალურად ძალიან წაადგება რეგიონს, _ გვითხრა დანელიამ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოოპერატივებს ბევრი ბიუროკრატიული პროცედურების გავლა უწევთ მოტობლეკების მისაღებად, მცდარია:
_ ბატონო ოთარ, ძალიან ბევრი ბიუროკრატიული პროცედურის გავლა უწევთ კოოპერატივების წევრებს. როგორც გვეუბნებიან, დაახლოებით, ექვსი თვე აგვიანდება მათთვის ტექნიკის გადაცემას.
_ გამორიცხულია, ამდენი დრო დააგვიანდეს. ერთ თვეში, თვენახევარში, ტექნიკა მიეწოდება კოოპერატივებს. თუ გაქვთ კონკრეტული ფაქტი, მომაწოდეთ და აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებს.
_ მიწის პრივატიზების შესახებ მინდა გკითხოთ. ფლობთ თუ არა ინფორმაციას იმის შესახებ, რა ფართია საქართველოში, რომელიც შეიძლება პრივატიზებული იქნას? ამ ბოლო დროს გურიაში ძალიან ბევრი აქცია იმართება _ ადამიანები ითხოვენ სასოფლო-სამეურნეო მიწებს.
_ კი, ბატონო, მე უფრო მეტსაც მოგახსენებთ. იყო შემთხვევები, როცა რამდენიმე ინვესტორი უკან დაბრუნდა, რადგან ადგილობრივები არიან დაუფლებული მიწის მასივებს და რეალურად არანაირ საქმიანობას არ ეწევიან ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ინვესტორისთვისაც ხელმისაწვდომი არ არის. ეს არის რთული პროცესი. ჩვენ გუბერნატორთან გვქონდა საუბარი და ალბათ, ერთად უნდა ვიპოვოთ საერთო გამოსავალი, რათა ეს არ გახდეს ინვესტიციების შემაფერხებელი ფაქტორი.
_ ვიცით რამდენი მიწა გვაქვს?
_ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით, რა რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო მიწა გვაქვს, თუმცა, მნიშვნელოვანია მიწის იდენტიფიცირება, რეგისტრირება, კადასტრისა და პასპორტიზაციის პროცესი. ამას სჭირდება დრო და ეს არ იწყება და არ სრულდება ერთ უწყებაში. მასში რამდენიმე სამინისტრო და უწყებაა ჩართული.
_ თუ კონკრეტიკა არ გვაქვს, როგორ გაეცით აგრობარათები? თანაც სამწლიანი პროგრამა უკვე დასრულდა…
_ ეს იყო ერთობლივი თანამშრომლობის ფორმატი ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ეს იყო საკრებულოები, სოფლის რწმუნებულები, იყო ხშირ შემთხვევაში კარდაკარიც და თავიდან მოხდა იდენტიფიცირება, თუმცა, დაკორექტირებას დასჭირდა ორი წელი. ხდებოდა ბარათების ჩანაცვლება, იყო სუბიექტური და ობიექტური მიზეზები. შემდეგ მოგეხსენებათ, იყო ცვლილებები ადგილობრივ თვითმმართველობებში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ პროცესი უხარვეზოდ მიმდინარეობს.