მას შემდეგ რაც გარკვეულ მიზეზთა გამო ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების ნაწილს ლიცენზირების გავლის პრობლემები შეექმნა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კლუბებს ჩემპიონატში მონაწილეობის მიღების უფლება მისცა, ოღონდ, ჯარიმის სახით ულიცენზიო კლუბები 70 ათასი ლარით ჯარიმდებიან, თან უეფასგან ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე გამოყოფილ 54 ათას ლარსაც კარგავენ.
არადა, ჭაბუკთა და ბავშვთა ლიგების გათამაშება, რომელიც ამ თანხით ფინანსდება, სავალდებულოა და დაფინასების ნაცვლად კლუბი დამატებით თანხებს ხარჯავს. ეს ყველაფერი სამწუხაროდ ლანჩხუთის „გურიასაც“ ეხება და სწორედ ამ თემაზე კომენტარი გუნდის ექს-მწვრთნელებს თემურ ლორიას და თენგიზ პატარაიას ვთხოვეთ. სწორედ ამ ადამიანებზე განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა, ზაზა ურუშაძემ „გურია ნიუსთან საუბრისას“ ლიცენზირება თავად არ გააჩნიათ, ენა კი მხრებზე აქვთ გადაკიდებულიო.
თემურ ლორია მორიგ ტყუილში ამხელს ურუშაძეს და ლიცენზირების საკითხისადმი ზერელე მიდგომებზე ამახვილებს ყურადღებას.
„სასაცილო თემაა, როგორც ხშირად ჩვევია ტყუის ზაზა ურუშაძე და არც კი რცხვენია ჩვენზე რომ საუბრობს. იკითხოს ფედერაციაში და ეტყვიან ვინ ვართ ჩვენ, რას წარმოვადგენთ. რაც შეეხება ლიცენზირების საკითხს, ეს ხომ საერთოდ ისეთი თემაა, არ ვიცი რა გითხრათ. უეფას ლიცენზირებაზე საუბრობს გამგებელი და სასაცილოდ არ გვეყო ეს თემა, როცა ითქვა თავის დროზე. კლუბში ისეთი ხალხი მოვიდა, გაგებაში არ არიან რა ხდება და ლიცენზიაზე ვინ იმუშავებდა? ერთადერთი გოგო, რომელიც მუშაობდა ამ საკითხებზე ეკა ვადაჭკორია იყო, რომელმაც ვერ გაუძლო კლუბში არსებულ სიტუაციას და წავიდა. ეს არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ფედერაციამ კარგი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
გამგებელს ჰგონია სადღაც გადარეკავს – გადმორეკავს და ლიცენზირებას უეფასგან უფეშქაშებენ. ჩაის ფაბრიკის დონეზეა და სხვას მაინც დაანებოს თავი, პირში წყალი გამოივლოს და ისე ისაუბროს.
ლიცენზირების მიღებას დიდი შრომა და მონდომება სჭირდება. რთულია, მაგრამ ამისთვის გუნდური ქმედებაა საჭირო და ყველაფერი შეიძლება თუ მოინდომებ. ვიმეორებ, ამისთვის კვალიფიციური კადრებია საჭირო და არა გაუნათლებელი, არაფრის მცოდნე. მე სულ ფეხბურთში ვიტრიალებ, „გურიაში“ თუ არა, სხვაგან, მაგრამ ურუშაძის მოყვანილ ხალხს ფეხბურთში რა ესაქმებათ, მალე მოვა მათი წასვლის დრო. ყოველთვის გამიხარდება, კლუბი ლიცენზიას თუ აიღებს, არ შეიძლება ვისაც ფეხბურთი უყვარს ასე არ ფიქრობდეს, მაგრამ ამ მიდგომებით ლიცენზირებაზე საუბარი სასაცილოა.
ფეხბურთიდან შორს ყოფნას ურჩევს ზაზა ურუშაძეს თენგიზ პატარაიაც. „რა გითხრათ, არ რცხვენია ამ ადამიანს არაფრის. „ქართული ოცნების“ რეიტინგი რომ ეცემა ასეთი ხალხის „დამსახურებაა“. რა უნდა საერთოდ, ფეხბურთი არ იცის და რა სავალდებულოა იქ იყოს, სადაც მისი ადგილი არაა. ყველამ იცის ჩვენ ვინ ვართ და ლიცენზია რომ გვაქვს. მეტს ვერაფერს ვიტყვი" _ განაცხადა პატარაიამ.
რაც შეეხება იმას, რომ ზაზა ურუშაძეს ახალი ფედერაციის იმედი აქვს, გვინდა შევახსენოთ, რომ სეზონი აგვისტოში განახლდება, ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები კი ოქტომბერში გაიმართება.