საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობაში მოწმის დაკითხვაზე მისულ მეორე ადვოკატსაც არ უშვებენ. დაკითხვა კი ამ დრომდე ადვოკატის გარეშე გრძელდება.
საქმე ეხება ქალაქ ოზურგეთში, 2015 წლის 15 თებერვალს მომხდარ, ირაკლი კვაჭანტირაძის მკვლელობას.
შეგახსენებთ, რომ სამმართველოს შენობაში ცოტა ხნის წინ ი.ხ.-ის ადვოკატი რამინ პაპიძე არ შეუშვეს, რომელიც აცხადებდა, რომ პოლიციის შენობიდან ყვირილის და გინების ხმა ისმოდა.
ამ წუთებში მოწმის ნათესავებმა მეორე ადვოკატი მოიყვანეს, თუმცა სამართალდამცავები დაკითხვის პროცესზე არც მას უშვებენ.
"გურია ნიუსს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ "ადვოკატს აუცილებლად დაუძახებენ და აუხსნიან ყველაფერს".
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამ საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი იკითხება, თუმცა, ესწრება თუ არა ადვოკატი მის დაკითხვას უცნობია.