გასულ პარასკევს, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს შეხვდა.
შეხვედრა, როგორც სალუქვაძემ აღნიშნა, "დეპუტატების გაცნობას ისახავდა მიზნად".
გურიის პირველმა პირმა სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრა და დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა. საკრებულოს წევრი, ჩოხატაურის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი მანანა მინდაძე დაინტერესდა, რით დაეხმარება გუბერნია ჩოხატაურის სოფლის მეურნეობის განვითარებას, უფრო კონკრეტულად კი თხილის დაავადების მკურნალობისთვის გამოიყოფა თუ არა თანხები ბიუჯეტიდან. მინდაძემ, ასევე, ისაუბრა კოოპერატივების პრობლემებზე და გუბერნატორს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რიგი პროცედურების გამარტივების შუამდგომლობა სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.
საკრებულოს დეპუტატმა სოფელ საჭამიასერიდან ალეკო კვინტრაძემ სოფლის გზის შეკეთება ითხოვა. მისი თქმით, თუ სამუშაოები დროულად დაიწყება, ასფალტიანი გზა სრულად არ გაფუჭდება და შესაბამისად, ნაკლები თანხები დაიხარჯება.
მაჟორიტარმა დეპუტატმა სოფელ სურებიდან ოთარ სოროზანიშვილმა ხეობის მრავალწლიან პრობლემაზე _ გზაზე გააკეთა აქცენტი და გუბერნატორს ამ საკითხის ლობირება სთხოვა.
გია სალუქვაძის თქმით, სურების თემა ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე პრემიერთანაც ჰქონდა საუბარი და მომავალი წლის ბიუჯეტში სურების გზის რეაბილიტაციისთვის მნიშვნელოვანი თანხა გამოიყოფა (წელს 480 000 ლარია გამოყოფილი).
გუბერნატორმა ერთი საინტერესო განცხადებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუნიციპალიტეტებში არსებული მოუვლელი შენობების აღწერა და მათი მეპატრონეების მოიძიება. სალუქვაძე არ გამორიცხავს, რომ მეპატრონეებს, თუკი ისინი შენობების მოწესრიგებას ვერ ახერხებენ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ქვეწარმავლების ბუდეა, ქონება ჩამოერთვათ.
_ ყველგან, სადაც კი არის ძველი საწარმოები, აუცილებლად უნდა მოვძებნოთ მისი მფლობელები, მიწის მესაკუთრეები. ჯერ ვნახოთ, რა ვალდებულებით აქვთ და მერე შეიძლება მსგავსი ქონების ამოღება სახელმწიფოს მხრიდან. ამას აუცილებლად გავაკეთებთ, გპირდებით, რევოლუციურ ნაბიჯებს არ ვაპირებ ამ კუთხით, მაგრამ ვიმუშავებთ, როგორც უნდა ისე გაიგონ _ კეთილი ენებათ და გაეკეთებინათ, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც გააკეთებენ. მიწა უმთავრესი რესურსია, მით უმეტეს, ასეთ მცირემიწიან რეგიონში, _ განაცხადა გურიის გუბერნატორმა.
სალუქვაძემ ბახმაროს შესახებაც ისაუ—ბრა და კურორტის განვითარების პირობაც დადო. მისივე თქმით, გუბერნია მეგაპროექტზეც მუშაობს _ ბახმაროს და ურეკის დაკავშირება:
_ ეს არის უდიდესი და უძველესი პროექტი. ამაში შედის ნაბეღლავის განვითარებაც, _ აღნიშნა გუბერნატორმა.
მისივე ინფორმაციით, ჩოხატაურელი ბიზნესმენი ნუგზარ კეკელიძე, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს, დაინტერესებულია ჩოხატაურით და უკვე არსებობს პროექტი, რომლის თანახმადაც, ჩოხატაურში მეაბრეშუმეობა გაცოცხლდება.
სალუქვაძემ ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ინფორმაცია სახელმწიფო პროექტების, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობაში არსებული პროექტების შესახებ მოსახლეობამდე კარგად მიიტანონ და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ.
შეხვედრის ბოლოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ წარსული გაიხსენა და აღნიშნა, რომ როცა ოპოზიციაში იყო, გუბერნატორის ინსტიტუტი არ მოსწონდა და ფიქრობდა, რომ უნდა გაუქმებულიყო, თუმცა, ახლა ასე არ ფიქრობს და მიაჩნია, რომ "გუბერნატორი საჭიროა, რადგან სწორედ მან უნდა მიიტანოს მთავრობამდე ის საკითხები და პრობლემები, რომლებიც კონკრეტულ მუნიციპალიტეტს აწუხებს".
გურიის პირველმა პირმა შენობა ისე დატოვა, რომ იქვე მყოფ ათეულობით მოქალაქეს, რომლებიც გამგებელს ელოდებოდნენ, არ შეხვედრია. ჩვენს კითხვაზე, რატომ არ შეხვდა მოქალაქეებს, ასე გვიპასუხა:
_ ჩემი კომპეტენცია არ არის ბატონ ირაკლის საქმიანობაში, თვითმმართველობის საქმიანობაში ვერ ჩავერევი…
_ ჩარევაზე არავინ საუბრობს, ბატონო გია… იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც გამგებელთან კონკრეტული პრობლემების გამო მივიდნენ. თქვენ რატომ არ დაინტერესდით ამ ადამიანების პრობლემებით?
_ დღევანდელი ჩემი ჩამოსვლის მიზანი საკრებულოს წევრების გაცნობა იყო. მე კიდევ ჩამოვალ და აუცილებლად შევხვდები მოსახლეობას, _ აღნიშნა სალუქვაძემ.