შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტის ინფორმაციით, 13 ივნისის ღამეს უწყებაში 12 000 ზარი შევიდა.
"13 ივნისის ღამეს, თბილისში, ძლიერი წვიმის დაწყებიდან უმოკლეს დროში, 112-ის ყველა ოპერატორი მობილიზებული იყო. მიუხედავად ამისა, ზარების უპრეცენდენტო რაოდენობა დაფიქსირდა. სტიქიის დაწყებიდან 3 საათის განმავლობაში, 12 000 ზარი შემოვიდა, რამაც გამოიწვია ზარების მოლოდინის რეჟიმში გადასვლა.
შსს 112-ის დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი ბიჭაშვილის მითითებით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი მუშაობას კვლავ განსაკუთრებულ რეჟიმში აგრძელებს. მობილიზებულია დამატებითი ცვლები, რათა 112-მა შეუფერხებლად მიიღოს ზარები, მოსახლეობისთვის დროული დახმარების აღმოჩენის მიზნით. უმორჩილესად მივმართავთ საზოგადოებას, დარეკონ მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს და თავი შეიკავონ არაგადაუდებელი ზარებისგან (მაგალითად: როგორიცაა ინფორმაციის მიღება გზებზე არსებულ საცობებთან დაკავშირებით და სხვა)", _ აღნიშნულია 112-ის განცხადებაში.
შსს 112-ის დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილი და დაზარალებული მოქალაქეების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.