თბილისში, მდინარე ვერეს მოვარდნის შედეგად დაზიანებული ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოებისთვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მობილიზებით, შექმნილია მოხალისეთა ჯგუფები და ხორციელდება მოხალისეობის მსურველთა განაცხადების მიღება, რომელთაც 10 კოორდინატორი ხელმძღვანელობს.
ამ წუთებში, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები გუნდის წევრები, ტანმოვარჯიშეები და სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ გ. ეგნატაშვილის სახელობის ტანვარჯიშის სახეობათა ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრის დასუფთავების პროცესში (სანაპიროს ქ.#8). ასევე, სპორტსმენები, ახალგაზრდები და სხვა მოხალისეები მონაწილეობენ სვანაძის ქუჩასა და გმირთა მოედანზე მიმდინარე სამუშაოებში.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ აღნიშნულ პროცესში თვითნებურად ჩართვისაგან, რადგან არაორგანიზებულმა აქტივობამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს გაწმენდით სამუშაოებს.
მოხალისეთა ჯგუფები, ორგანიზებულად მივლენ სასტუმროებში, სადაც განთავსებულია სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა და მათ, საჭიროების შესაბამისად, დაეხმარებიან.