საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში გადამდებ დაავადებათა გავრცელების რისკი ჯერჯერობით არ არის.
როგორც ზახაშვილმა "გურია ნიუსს" უთხრა, ადგილზე რისკი ჯერჯერობით სტანდარტულ ნიშნულამდეა.
"რეალურად არანაირი მომატებული რისკის შეფასებისთვის ჩვენ დღესდღეობით მონაცემი არ გვაქვს. ზედამხედველობას ვაწარმოებთ გადამდებ დაავადებებზე, თუმცა ამის საშიშროება არ არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში განვაგრძობთ ზედამხედველობას და თუ რაიმე რისკი გაჩნდება, დამატებით ინფორმაციას მივაწოდებთ მოსახლეობას", _ გვითხრა ზახაშვილმა.
რაც შეეხება თავდაცვის ზომებს, როგორც ზახაშვილი ამბობს, არსებობს სტანდარტული ღონისძიებები, რომლებიც სტიქიის ზონაში მყოფმა პირებმა უნდა დაიცვან.
"ეს არის ის, რომ თვითონვე სასმელად და საკვებად კეთილსაიმედო პროდუქტი გამოიყენონ. არ მოხდეს სახიფათო პროდუქტების გამოყენება. ასევე დაიცვან პირადი წესები, ჭრილობის მიღების შემთხვევაში მიმართონ სამედიცინო სამსახურს რომ ადეკვატურად დაუმუშავდეთ ნაჭრილობევი ადგილები", _ ამბობს ზახაშვილი.