საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ოდესის საოლქო პროკურატურაში სამართალდამცველებთან საგანგებო თათბირი გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილი საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე ვიდეომასალასთან ერთად აქვეყნებს.
შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა სამართალდამცავების მუშაობა მწვავედ გააკრიტიკა და უცხოელი ინვესტორების დაშინებაში დასდო ბრალი.
სააკაშვილის თქმით, დამოკიდებულება, რომელიც პროკურორებს ინვესტორების მიმართ აქვთ რეკეტის ტოლფასია. საქმე ეხება პროკურატურის გადაწყვეტილებებს, რომელიც უკრაინაში ახლად შემოსულ ინვესტორებს ბიუროკრატიულ ბარიერებს უქმნის.
"მე ვერ მოგცემთ ქრთამის აღების უფლებას, ადამიანების გაძარცვის, დაყაჩაღების, დამცირების და ჩაგვრის უფლებას. არ მოგცემთ ინვესტორებზე ზეწოლის უფლებას, რომლებმაც უნდა შექმნან სამუშაო ადგილები", _ განაცხადა სააკაშვილმა.
საოლქო პროკურატურაში გამართულ შეხვედრას უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი გია გეწაძეც ესწრებოდა.