ამ წუთებში დასრულდა თბილისის ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის პრესკონფერენცია, რომელმაც განაცხადა, რომ ჯერჯერობით ისევ ეძებენ 2 ცხოველს – ერთ ვეფხვს და ერთ აფთარს. თუმცა მისივე თქმით, ჯერ კიდევ გაუწმენდავია ის ტერიტორია, სადაც ვოლიერები იდგა და საბოლოოდ დაზუსტებული არაა რამდენი ცხოველია დაღუპული ან გადარჩენილი.
გურიელიძის თქმით, აფთარი მომცრო ზომის ცხოველია და საშიშროებას არ წარმოადგენს ვეფხვისგან განსხვავებით, რომლის ინტენსიური ძებნა მიმდინარეობს.
ზოოპარკის დირექტორი ამბობს, რომ მას სამთავრობო უწყებიდან მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს ვეფხვი, რომელმაც დღეს ადამიანი იმსხვერპლა, უკვე ლიკვიდირებული იყო, თუმცა, არ დაუკონკრეტებია თუ რომელმა უწყებამ მიაწოდა ეს ინფორმაცია.
გურიელიძე ადასტურებს, რომ ის დღეს მართლაც იმყოფებოდა გამოკითხვაზე სამართალდამცავ ორგანოებში და მალე დაკითხავენ კიდეც. მან არ იცის, თუ სად უნდა მივიდეს. სამართალდამცავებს გამოკითხვაზე ინფორმაცია მიაწოდა მისმა მოადგილემ, რომელიც პროკურატურაში უკვე იმყოფებოდა.
პრესკონფერენციის დასრულებისთანავე, გურიელიძე, მოადგილესთან და ადმინისტრაციის უფროსთან ერთად პროკურატურაში, დაკითხვაზე წავიდა.