შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ვაკე-საბურთალოს განყოფილების მაშველი ლევან კასრაძე, რომელიც სხვა მაშველებთან ერთად ივლიტა ჯიბუტის, მისი მეგობრისა და ივლიტას მეუღლის გადარჩენას ცდილობდა, “კვირასთან“ 13 ივნისის შემზარავი ღამის იმ მონაკვეთს იხსენებს, როცა ივლიტას მამამ – მამა გიორგიმ შეატყობინათ, რომ სვანეთის ქუჩაზე, სამი ახალგაზრდა შველას ითხოვდა.
მდინარის ადიდების დროს სახლის სახურავზე ივლიტა მეუღლესთან და მეგობართან ერთად თავის გადასარჩენად ავიდა, თუმცა, მოვარდნილმა ნიაღვარმა სამივე გაიტაცა. ადგილზე მისულ მაშველებს მხოლოდ ივლიტას მეუღლე დახვდათ, რომელიც ადიდებულ მდინარეში ხეს იყო ჩაბღაუჭებული.
ლევან კასრაძე „კვირასთან“ დეტალურად იხსენებს ტრაგედიის ღამეს და ამბობს, რომ მამა გიორგი (ჯიბუტი) მაშველებთან ერთად მიემართებოდა სახურავზე მყოფების გადასარჩენად.
– იმ ღამეს უამრავი გამოძახება გვქონდა, სტიქიის ზონაში მყოფები დახმარებას ითხოვდნენ. რუსეთის ყოფილი საელჩოს ტერიტორიაზე მივედით, ადგილზე იყო ივლიტას მამა, მამა გიორგი (ჯიბუტი), რომელმაც გვითხრა, რომ 3 ახალგაზრდა სვანეთის ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, სახურავზე იმყოფებოდა და მათ შველა სჭირდებოდათ. მამა გიორგის არ დაუკონკრეტებია, რომ მათ შორის მისი შვილი და სიძე იყვნენ. ჩვენ მათი ხმებიც გვესმოდა, თუ როგორ ითხოვდნენ დახმარებას. ვინაიდან გზა იყო ჩახერგილი და მიუვალი იყო ტერიტორია, შევეცადეთ, შემოვლითი გზით წავსულიყავით, მამა გიორგიც თან წამოგვყვა. საბურთალოს სასაფლაოს ტერიტორიიდან მოგვიწია გადასვლა, მანქანა ადგილზე დავტოვეთ და სირბილით განვაგრძეთ გზა. მამა გიორგიმ ფიზიკურად ვეღარ შეძლო და დარჩა. ჩვენ დაახლოებით რვაასი მეტრი გავიარეთ სირბილით, ვიდრე იქ მივიდოდით, საიდანაც დახმარებას ითხოვდნენ.
– ადგილზე რა ვითარება დაგხვდათ?
– სახლი, რომლის სახურავზეც ახალგაზრდები იდგნენ და შველას ითხოვდნენ, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა, წყლის დონე კი ელვის სისწრაფით მატულობდა. ადიდებულ მდინარეში მამაკაცი მკლავის სიმსხო ხეს იყო ჩაჭიდებული, რომელიც ცოტა ხანში შეიძლება წყლით დაფარულიყო, ან დინებას მოეგლიჯა. დავუძახეთ, რომ გადმომხტარიყო, ის კი გვეუბნებოდა, რომ ჯერ გოგონები მოგვეძებნა, კიდევ მოვუწოდეთ, გადმომხტარიყო, რადგან საფრთხე უფრო იზრდებოდა… გადმოხტა და თანამეწყვილეებმა ნაპირზე გაიყვანეს, ჩვენ ორმა კი განვაგრძეთ გოგონების ძებნა, სახლშიც შევცურეთ, რომელიც წყლით იყო დაფარული, შემდეგ დაახლოებით 500 მეტრის მანძილზე მდინარის ნაპირებზეც ვეძებეთ, თუმცა, სამწუხაროდ, მათი პოვნა ვერ მოხერხდა. საბედნიეროდ, მამაკაცი გადარჩა
– ივლიტას მეუღლემ რა მოგიყვათ?
– მან თქვა, რომ როდესაც სახლი წყლით დაიფარა, სამივე მათგანი სახურავზე ავიდა, თუმცა წყლის ნაკადმა სახლის სახურავი მოწყვიტა და მდინარეში ჩაცვივდნენ. მან ცურვა იცოდა და გოგონების ნაპირისკენ გამოყვანას ცდილობდა, თუმცა მდინარის მიერ წამოღებული ხის მორი დაეჯახა ივლიტას მეუღლეს და გოგონებისთვის ჩაჭიდებული ხელი გააშვებინა, ისინი კი დინებამ გაიტაცა.
როგორც მისგან შევიტყვეთ, მარიამს და ივლიტას ცურვა არ სცოდნიათ, თუმცა, ასეც რომ ყოფილიყო, სტიქია იმდენად მასშტაბური იყო, შექმნილ ვითარებაში მდინარიდან გამოსვლას ვერ მოახერხებდნენ, ამბობს “კვირასთან“ ლევან კასრაძე.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ივლიტა ჯიბუტი, რომლის ცხედარი მზიურის პარკის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, დღეს გუშინ დაკრძალეს.
“გურია ნიუსის“ მიერ გადაღებულ ფოტოზე სწორედ ის ადგილი ჩანს, სადაც სტიქიურ უბედურებამდე ივლიტასა და დათოს სახლი იდგა.
წყარო: “კვირა“