სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით 19 ივნისს ღამის განმავლობაში ქალაქში მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შესახებ 112-ში შევიდა 47 შეტყობინება.
დღის განმავლობაში კიდევ დაემატა რამდენიმე შეტყობინება. თუმცა არცერთი მათგანი არ დადასტურდა.
" შინაგან საქმეთა სამინისტროს და მერიის შესაბამის სამსახურებს დახმარებას უწევენ მონადირეთა ჯგუფები. მათ მიერ შემოწმდა კუს ტბის, ეთნოგრაფიული მუზეუმის და სვანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიები, სადაც რამოდენიმე მოქალაქის განცხადებით იმყოფებოდა დაკარგული ვეფხვი.
რაც შეეხება, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვეფხვის ფოტოს – ფოტომასალაზე დაყრდნობით სპეციალისტების მხრიდან გამოითქვა ვარაუდი რომ ტერიტორიაზე შესაძლოა იყოს კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ცხოველი.
ამჟამად, ტარდება საძიებო სამუშაოები ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაგებულია ფოტო მახეები და ხორციელდება ტერიტორიის სისტემატიური მონიტორინგი, _ განაცხადა საგაგებო ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი ღიბრაძემ.
საბჭო მოუწოდებს მოსახლეობას გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ეთნოგრაფიული მუზეუმის, კუს ტბის და მიმდებარე ტერიტორიებზე გადაადგილებისგან.
რაც შეეხება სხვა სამუშაოებს _ ღიბრაძის განცხადებით მზიურის ტერიტორიაზე ინტენსიურად მიმდინარე სამუშაოებში, შესაბამის სამსახურებთან ერთად, მონაწილეობენ მოხალისეებიც. მათ კოორდინაციას ახდენენ მერის წარმომადგენლები, რომლებიც მოხალისეებს უტარებენ ინსტრუქტაჟს უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით.
რიგდება შესაბამისი აღჭურვილობა. თუმცა ჯერ კიდევ არის პრობლემა მოხალისეთა მხრიდან მოკლე შარვლებითა (შორტებით) და მოკლემკლავიანი მაისურებით მისვლის გამო. ასეთ მოხალისეებს ეძლევათ მითითება სამუშაოები განახორციელონ დაუტბორავ ადგილებში.
მაშველები და მოხალისეები უზრუნველყოფილი არიან საკვებით და სასმელი წყლით. ტერიტორიაზე განთავსებულია სამედიცინო პუნქტები საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარების აღმოსაჩენად.
წყნეთის ქუჩაზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად დაზიანებული საკანალიზაციო არხი შეკეთდა საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის მიერ და ამჟამად კედლებიდან გამომავალი წყლის ნაკადები საფრთხეს აღარ უქმნის ადგილზე მოწყობილ დამბას. საპროექტო სამსახურის მიერ დასრულებულია ბეტონის დამცავი კედლის პროექტის დამუშავება. უახლოეს საათებში დაიწყება შესაბამისი სამშენებლო მასალის შემოტანა და მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოების წარმოება.
ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე სრულდება წყლის ამოტუმბვა, რის შემდეგაც დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.
სვანიძის ქუჩაზე დასრულდა ძაღლების თავშესაფრის გაწმენდა დახოცილი ცხოველების ლეშებისგან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა და უგზო-უკვლოთ დაკარგულთა რაოდენობა ამ დროისთვის უცვლელია (დაღუპულია 19, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი).
სტიქიის შედეგად დაზარალებული ერთი პაციენტი გაეწერა სავადმყოფოდან და ამჟამად სხვადასხვა კლინეკებში რჩება მხოლოდ ხუთი პაციენტი. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფიელებელია.