საქართველოს პრეზიდენტმა GLOBSEC-ის ფარგლებში სენატორ ჯონ მაკკეინთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა საქართველოში მომხდარი სტიქიის შედეგებზე ისაუბრეს. ამერიკელმა სენატორმა გიორგი მარგველაშვილს დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ამერიკის მეგობრულ ურთიერთობა განიხილეს; ხაზგასმით აღინიშნა, ჩვენი ქვეყნისათვის აშშ-ის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა.
როგორც ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი, სენატორმა მაკკეინმა ყურადღება საქართველო-ამერიკას შორის გაფორმებული ქარტიის ფარგლებში წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა და ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრა. მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
როგორც სენატორმა მაკკეინმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს საერთაშორისო მისიებში. იმედი გამოთქვეს, რომ ნატო-ს უელსის სამიტის არსებითი პაკეტის რეალიზება არამხოლოდ მის ტექნიკურ განხორციელებაზე გაამახვილებს ყურადღებას, არამედ ხელს შეუწყობს საქართველოს ნატო-ში გაწევრებას და, ამერიკასა და სხვა ქვეყნებთან აქტიური თანამშრომლობა ინტეგრაციის პროცესზე დადებითად აისახება.
საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებასაც. ამ მხრივ, მათ განსაკუთრებული ყურადღება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს დაეთმო. გიორგი მარგველაშვილმა ჯონ მაკკეინს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში პირადად მისი და აშშ-ის მხრიდან აღმოჩენილი ურყევი თანადგომისათვის, ასევე ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული საქართველოს მხადამჭერი იმ რეზოლუციებისა და სამართლებრივი აქტებისათვის, რომლებსაც ჩვენი ქვეყნისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ.
საქართველოს პრეზიდენტმა სენატორი საქართველოში მოიწვია.თავის მხრივ, ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ იგი ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ესტუმრება. საქართველოს პრეზიდენტთან და ქართულ დელეგაციასთან შეხვედრას აშშ-ის სენატორები ჯონ ბაროსსო და ტომ კოტონიც ესწრებოდნენ.