ჩვენ უნდა მოვერგოთ ახალ რეალობას და ამის მიხედვით უნდა განვვითარდეთ, _ ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის საბოლოო ვარიანტს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.
ბიუჯეტი, მიმდინარე ხარჯების მიმართულებით, დაახლოებით 140 მილიონი ლარით მცირდება, თუმცა ეს კაპიტალურ და სოციალურ ხარჯებს არ შეეხება. თანხის დიდი ნაწილი მიმართული იქნება კაპიტალური პროექტების განხორციელებისთვის.
"ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალურია და შეიძლება ითქვას, რომ მანამდეც უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე – არასდროს. რეგიონში თითქმის ყველა სახელმწიფომ გააკეთა ბიუჯეტის კორექტირება და ეს, რა თქმა უნდა, არის გამომდინარე იქიდან, რომ მთელს რეგიონში, უკრაინაში, რუსეთში არის ძალიან სერიოზული კრიზისი, რთული ვითარებაა", _ განაცხდა პრემიერ-მინისტრმა.
ასევე, დამატებითი სახსრები გამოეყოფა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, თბილისსა და მის შემოგარენში, სტიქიური უბედურებით მიყენებული ზიანის აღმოფხვრისთვის.
მთავრობის მეთაურმა დღევანდელ სხდომაზე, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში აქტიურობისთვის, სამინისტროებსა და თბილისის მერიას მადლობა გადაუხადა.