თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი დაზარალებულთა კომპენსაციის საკითხის განსახილველად არასამთავრობო ორგანიზაციების და ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც სტიქიის შედეგად დაზარალებულთა კომპენსაცია მოხდება. დოკუმენტში გაწერილია კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც დაზარალებულებს ზიანი აუნაზღაურდებათ. დოკუმენტის საბოლოო სახით ჩამოყალიბებაში მონაწილეობას არასამთავრობო ორგანიზაციები მიიღებენ.
"გარდა იმისა, რომ ხდება ზარალის დადგენა, ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმ დოკუმენტზე, რომელმაც შემდგომ უნდა დაარეგულიროს, როგორ მოხდება კომპანსაციის გაცემა და იმ ადამიანების დაკმაყოფილება, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ ან დაუზიანდათ ქონება.
ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ის შემოწირულობები, რომლებიც შემოდის, გამოვიყენოთ რაც შეიძლება გამჭვირვალედ და სამართლიანად. საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ რა იქნება უფრო სამართლიანი იმისათვის, რომ ყველა დაზარალებული ადამიანი იქნას დაკმაყოფილებული" , – განაცხადა ნინა ხატისკაცმა.
დოკუმენტზე მუშაობა დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მას საკრებულო განიხილავს.