იაპონიაში დაამუშავეს მთვარის შესწავლის სტრატეგია, რომელიც 2020 წლისთვის მის ზედაპირზე რობოტების გადასხმას გულისხმობს. პროექტი მოამზადა მინისტრთა კაბინეტთან მოქმედმა მთვარის შესწავლის სამეცნიერო საბჭომ, რომელსაც დედაქალაქის მსხვილი უნივერსიტეტის რექტორი ვასედა კაცუხიკო სირაი ხელმძღვანელობს.
იაპონიამ, როგორც ამას საბჭო გეგმავს, 2020 წელს უნდა ააშენოს მთვარის სამხრეთ პოლუსზე დაუსახლებელი სადგური, რომელიც ავტომატურ რეჟიმში იმუშავებს და ელექტროენერგიას მიაწოდებს მასზე აწყობილ დანადგარებს და მთვარეზე გაგზავნილ რობოტებს. სწავლულთა აზრით, მთვარეზე პირველი ბაზის მშენებლობა გახდება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალი ტექნოლოგიების შექმნის გზაზე, რომელიც აუცილებელია მთლიანად კოსმოსის შესასწავლად.
ამ გეგმის განხორციელების პირველ ეტაპზე აპირებენ ბორბლიანი მთვარემავალის შექმნას, რომელიც 2016 წლის ზაფხულში რბილად დაჯდება მთვარეზე და იქ შეაგროვებს ქვებს, შემდეგ კი დედამიწაზე გამოაგზავნის. იგი გამოაგზავნის ასევე, ვიდეოგამოსახულებებს და გაშიფრავს მთვარის შინაგან აგებულებას სეისმოგრაფიული აპარატურის დახმარებით.
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მთლიანად დასრულდება მთვარეზე მთავარი ბაზის კეთილმოწყობა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ვმართოთ რობოტ მკვლევართა რაზმების ექსპედიციები 100 კილომეტრის რადიუსში. სადგური შეძლებს, დამოუკიდებლად გამოიმუშაოს ელექტროენერგია, აიღოს გრუნტის ნიმუშები, რომელთა განსაკუთრებით ძვირფასი ეგზემპლარები დედამიწაზე გამოიგზავნება.
ამ პროგრამის რეალიზაციისთვის აუცილებელი სახსრები 200 მილიარდ იენს შეადგენს (2,2 მილიარდი ამერიკული დოლარი).