"თბილისის ახალგაზრდული საკრებულო" ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
ორგანიზაცია "ადამიანი, კანონი, თავისუფლების" ინფორმაციით, პროექტ "ახალგაზრდული თვითმართველობა 2015"-ის ფარგლებში შექმნილმა "თბილისის ახალგაზრდული საკრებულოს" წევრებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარეს.
მათივე ცნობით, გამოკითხვის მიზანს ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ საზოგადოების გათვითცნობიერებულობის დონის დადგენა და კონკრეტული პრობლემების გამოვლენა წარმოადგენდა.
როგორც "ადამიანი, კანონი, თავისუფლებაში" აცხადებენ, კვლევა მიმდინარე წლის 1-2 ივნისის პერიოდში ჩატარდა და სულ 374 სრულწლოვანი მოქალაქე გამოიკითხა.
"გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ფლობს სწორ და სათანადო ინფორმაციას ბავშვთა უფლებების და მათი დაცვის შესახებ. გამოკითხულთა 32,4% თვლის, რომ ბავშვად 14 წლამდე პირი ითვლება; 22,5% თვლის, რომ 16 წლამდე პირი ითვლება ბავშვად; 38,8%-ის აზრით ბავშვად 18 წლამდე პირი ითვლება; 5,3% ფიქრობს, რომ ბავშვად 21 წლამდე პირი მოიხსენიება, ხოლო 1,1% -ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. ამასთან, გამოკითხულთა 63,6% გამოხატა სურვილი, რომ ინფორმაცია ბავშვთა უფლებების შესახებ ხელმისაწვდომი უნდა იყოს სასწავლო დაწესებულებში, 19,3% _ მედიაში, ხოლო 15,8% _ ინტერნეტ სივრცეში.
"თბილისის ახალგაზრდული საკრებულოს" წევრები მიმართავენ შესაბამის ორგანოებს, მიიღონ ზომები, რათა ამაღლდეს საზოგადოების თვითშეგნება მსგავს საკითხებთან მიმართებაში", _ აცხადებენ ორგანიზაციაში "ადამიანი, კანონი, თავისუფლება".