პარლამენტში "სახელმწიფო ენის შესახებ" კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. საკანონმდებლო პროექტი, რომლის პარლამენტში ინიცირებაც ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში მოხდა, სესიაზე პირველი მოსმენით ახლა გადის.
პარლამენტში წარდგენილი პროექტით განისაზღვრება სახელმწიფო ენის სტატუსი, მისი დაცვის გარანტიები, სახელმწიფო და სხვა ენის გამოყენების თავისებურებები, განათლების ენის არჩევის შესაძლებლობა, სახელმწიფო ენის გამოყენების პრინციპები და სხვა საკითხები.
პროექტით გათვალისწინებულია სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შექმნა.
ამასთან, სახელმწიფო ენის ნორმებისა და შესაბამისი კანონის დარღვევისთვის ადმინისტრაციული ჯარიმები გათვალისწინებული აღარ არის, რაც პროექტის თავდაპირველ ვარიანტში იყო გაწერილი. პარლამენტში არსებული ინფორმაციით, ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი უფლებამოსილი იქნება სახელმწიფო ორგანოებს მხოლოდ სათანადო რეკომენდაციებით მიმართოს. გარდა ამისა, პროექტის გადამუშავების შედეგად შეიცვალა ისიც, რომ სახელმწიფო ენის მუდმივმოქმედი კომისია ცალკე ორგანო აღარ იქნება და ის ენის დეპარტამენის ფარგლებში იფუნქციონირებს.