დამოუკიდებელი სასამართლოს ფინანსური მხარდაჭერისა და სასამართლო სისტემაში საგადასახადო და ადმინისტრაციული დავების პროცედურების გამარტივების საკითხები განიხილეს უზენაეს სასამართლოში გამართულ შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და ფინანსთა მინისტრმა.
როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და სტაბილურობისთვის, ხარისხიანი და დროული გადაწყვეტილებების მიღებისთვის მნიშვნელოვანია მოწესრიგდეს სასამართლო სისტემის ფინანსური მხარდაჭერის საკითხები, რაც გულისხმობს, როგორც მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე მოსამართლეთა კომპენსაციების, კერძოდ, მათი საპენსიო უზრუნველყოფის საკითხების მოგვარებას.
ფინანსთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ფინანსურად დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო სისტემის მნიშვნელობას. მან ისაუბრა ფინანსთა სამინისტროში დავების სისტემის, ხოლო სასამართლოში საგადასახადო და ადმინისტრაციული დავების პროცედურების გამარტივების აუცილებლობაზე, რაც ბიზნესის მხრიდან ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორივე მიმართულებით უზენაეს სასამართლოსა და ფინანსთა სამინისტროს შორის გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა, რათა ერთის მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა უზრუნველყოფილი იყოს ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო მეორეს მხრივ, საგადასახადო დავების განხილვის პროცედურები, როგორც ფინანსთა სამინისტროს, ისე სასამართლო სისტემებში იყოს უფრო მოქნილი და გამარტივებული.