საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სპიკერი დავით კერესელიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სომხეთის მხარემ საზღვარი 10 ჰექტარით გადმოწია.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კერესელიძემ აღნიშნა, სომხეთის მხრიდან არანაირი საზღვრის გადმოწევა ან გადმოწევის მცდელობა არ მომხდარა.
"თქვენ იცით, რომ ვმუშაობთ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია და ამ კომისიის ფარგლებში უნდა მომხდარიყო აღნიშნული მონაკვეთის დელიმიტაცია, გარკვეული ნაწილი ამ მონაკვეთის დელიმიტირებულია.
სიტუაცია იმაში მდგომარეობს, რომ საბჭოთა კავშირის დროს აქ იყო მხოლოდ ადმინისტრაციული საზღვარი. იმ მოსახლეობას, რომელიც აღშფოთებულია, შეეძლო გადასვლა უფრო წინ, ვიდრე ახლა.
მას შემდეგ რაც საზღვარი არის დელიმიტირებული, იქ დადგნენ სომეხი მესაზღვრეები. მესაზღვრეს თავისი მოვალეობის გამო უფლება აქვს იქ არ შეუშვას საქართველოს მოქალაქეები, ამიტომ იმ გაგებით, რომ მე გავდიოდი 10 მეტრით უფრო ღრმად და ახლა ერთი მეტრით შევდივარ, შექმნა ილუზია თითქოს მიწები წაგვართვეს. რეალურად არანაირი საზღვრის გადმოწევა 10 ჰექტრით არ ყოფილა", – აღნიშნა კერესელიძემ.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო-სომხეთის საზღვართან, სოფელ საზაქენდში 10 ჰექტარით მოხდა საზღვრის გადმოწევა. ინფორმაცია დღემდე არ არის დაზუსტებული.