სამეფო ოჯახების ეს წარმომადგენლები დიდი ხანია სახალხო სიყვარულით სარგებლობენ. მათი თაყვანისმცემლების არმია კი მილიონებს ითვლის.
გრეის პატრისია კელი
ამერიკელი მსახიობი და მონაკოს მთავრის, რენიე მესამის მეუღლე 1956 წლიდან, იყო და რჩება ყველა დროის ყველაზე ლამაზ პრინცესად. გრეისმა სამი შვილი გაუჩინა რენიეს: პრინცესა კაროლინა ლუიზა, ალბერ მეორე, მონაკოს ამჟამინდელი მმართველი და პრინცესა სტეფანია მარია. გრეისის შვილებიდან ვერც ერთი ვერ დაიკვეხნის ისეთი სილამაზით, როგორიც თვითონ პრინცესა იყო, გრეისი უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. 1982 წელს იგი ავტოკატასტროფაში მოყვა. ოფიციალური ვერსიით პრინცესას საჭესთან ინსულტი მოუვიდა და ავტომობილმა მართვა დაკარგა, ხრამში გადავარდა. მანქანაში გრეისსთან ერთად, მისი უმცროსი ქალიშვილი – სტეფანია იჯდა, რომელიც გადარჩა. გრეისი კი, მიღებული ტრავმებისგან, მეორე დღეს გარდაიცვალა.
დედოფალი რანია
იორდანიის მეფე აბდულა მეორის მეუღლე, დედოფალი რანია აღმოსავლეთის ულამაზეს დედოფლად მიიჩნევა. მას ოთხი შვილი ჰყავს: კრონ-პრინცი ჰუსეინი, პრინცი ჰაშიმი და პრინცესები – იმანი და სალმა. რანია აქტიურად არის ჩართული ქვეყნის სოციალურ ცხოვრებაში და დიდი სიყვარულით სარგებლობს იორდანიის მოქალაქეებს შორის.
შარლოტა კაზირაგი
მონაკოს ტახტის მემკვიდრეებს შორის, შარლოტა კაზირაგი ყველაზე მეტად ჰგავს თავის ბებიას – პრინცესა გრეისს. შარლოტა აქტიურ ცხოვრებას ეწევა – ჩართულია საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობაში, არის ბრენდ "გუჩის" ერთ-ერთი სახე, აქვეყნებს სტატიებს ჟურნალებში "ევერ მენიფესტ", "ებავ" და "ენაზერში". შარლოტა ძალიან პოპულარულია მამაკაცებს შორის, თუმცა მუდმივი ბოიფრენდი მას არ ჰყავს.
პრინცესა მადლენი
პრინცესა მადლენ ტერეზია ამელია ჟოზეფინა, ჰელსინგლანდიის და ჰესთრიქლანდიის ჰერცოგინია, შვედეთის მეფე კარლ მეთექვსმეტე გუსტავის მეორე ქალიშვილია. პრინცესა დიდხანს იტანჯებოდა იმის გამო, რომ არ ჰქონდა უფლება, ცოლად გაჰყოლოდა, ჩვეულებრივ სტოკჰოლმელ ადვოკატს, იონას ბერგსტრომს. ეს კი გამოწვეული იყო იმით, რომ შვედეთის მონარქიული ოჯახის წესების თანახმად, პირველი უნდა გათხოვილიყო მისი უფროსი და – პრინცესა ვიქტორია. მხოლოდ ამის შემდგომ განიხილა შვედეთის მთავრობამ მადლენის სურვილი და გათხოვების ნება დართო. პრინცესა მადლენს ბაკალავრის დიპლომი აქვს ხელოვნებაში, თანამედროვე ისტორიასა და ეთნოგრაფიაში. მადლენი ძალიან პოპულარულია შვედეთში, რადგან დიდ დროს უთმობს ქველმოქმედებას.
უელსის პრინცესა – დიანა
ლედი დიანა ფრენსის სპენსერი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალია, რომელმაც თავისი კვალი დატოვა მსოფლიოს უახლეს ისტორიაში. 2002 წელს ბი-ბი-სიმ ჩაატარა გამოკითხვა და გამოავლინა ყველა დროის უდიდესი ბრიტანელები. მათ შორის დიანამ მესამე ადგილი დაიკავა, და ამით თვით დედოფალ ელიზაბეთსა და თავის ექსმეუღლეს, პრინც ჩარლზს გადაუსწრო.