თვე არ გავა ისე, რომელიმე მაღალი სახელმწიფოებრივი თანამდებობის პირი ინტიმურ კავშირში არ გამოიჭირონ მდივანთან ან სულაც თავისივე სქესის წარმომადგენელთან. პოლიტიკოსთა სექს-სკანდალები მსოფლიო მასმედიის წარმომადგენელთა ობიექტივში ხვდება, ჟურნალებიც უმალ ახდენენ ამ ფაქტების აფიშირებას და არ მოისვენებენ, სანამ ამა თუ იმ პოლიტიკოსის თითოეულ აღვირახსნილ ნაბიჯს არ გამოიძიებენ.
სექს-სკანდალების რეიტინგში ამერიკელ სენატორს, ლარი კრეიგს "საპატიო ადგილი" უკავია, რომელიც აღვირახსნილი ქცევის გამო, 2007 წელს მინეაპოლისის აეროპორტის მამაკაცების საპირფარეშოში დააკავა პოლიციამ. კრეიგი ტუალეტში უცნობ მამაკაცებს სექსუალური კავშირის დამყარებას სთავაზობდა და გამომწვევად იქცეოდა. ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ წლების წინ ლარი კრეიგი კონგრესის შენობაში დასაქმებულ ახალგაზრდებთან ჰომოსექსუალური კავშირების ფაქტთან დაკავშირებულ საქმეში ფიგურირებდა.
ნიუ-ჯერსის შტატის გუბერნატორს, ჯეიმს მაკგრივს ჰომოსექსუალური რომანი ჰქონდა გოლან ცოპელთან, ყოფილ ებრაელ სამხედროსთან. მაკგრივმა თავისი საყვარელი თავისივე მრჩევლად დანიშნა უსაფრთხოების საკითხებში. გუბერნატორის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაში მხილების შემდეგ, მაკგრივმა საჯაროდ აღიარა, რომ "ცისფერია" და თანამდებობიდან გადადგომის განცხადება გააკეთა.
ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ელიოტ სპიტცერმა იმით გაითქვა სახელი, რომ საკუთარი კარიერა ელიტურ მეძავებზე გაცვალა. კორუფციასა და პროსტიტუციასთან მებრძოლი გუბერნატორი, ნიუ-იორკის ელიტური ბორდელის – "ემპერიორს ქლაბ ვიპის" ხშირი სტუმარი გახლდათ და საათში სასურველ ქალებში 5 500 დოლარსაც კი იხდიდა. ის მე-9 ნომრად იყო აღნიშნული, ცნობილი ნიუ-იორკელი "მამაშის" მადამ დისტრიქტ კოლუმბიას კლიენტთა წიგნაკში. სპიტცერის პოლიტიკური კარიერა ამ ფაქტების გამომზეურების შემდეგ დასრულდა. პრესაში კი გავრცელდა ცნობა, რომ საერთო ჯამში მეძავებზე, პოსტზე მუშაობის დროს სპიტცერს 80 000 დოლარი ჰქონდა დახარჯული, მათ შორის საბიუჯეტო თანხებიც.
ამერიკელ სენატორს ჩრდილოეთ კაროლინის შტატიდან და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს 2004 წლების საპრეზიდენტო არჩევნების დროს – ჯონ ედვარდს ბრალად თავისივე საარჩევნო შტაბის წევრებთან სექსუალური კავშირების დამყარება ედებოდა. ვრცელდებოდა ცნობა, რომ მის ერთ-ერთ თანაშემწეს მისგან შვილიც კი ჰყავდა. აღსანიშნავია, რომ ედვარდსის საყვარლებთან ურთიერთობა იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც მისი მეუღლე კიბოს დაავადებით საავადმყოფოში სიკვდილს ებრძოდა. 2010 წელს ედვარდსის მეუღლე გარდაიცვალა, ხოლო 2011 წლის 3 ივნისს ჩრდილოეთ კაროლინის სასამართლომ ჯონ ედვარდსი დამნაშავედ ცნო საბიუჯეტო თანხების უკანონოდ გამოყენებაში.
სოციალური ქსელის გამო თანამდებობის დატოვება მოუხდა ამერიკელ კონგრესმენს ნიუ-იორკის შტატიდან ენტონი უინერს, რომელიც "ტვიტერის" საშუალებით პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოებს უგზავნიდა ქალბატონებს. გამოძიების თანახმად, უინერმა დაახლოებით ექვს ქალბატონს გადაუგზავნა მის მიერვე გადაღებული ფოტოები. სურათზე იგი ნაწილობრივ შიშველ მდგომარეობაში პოზირებდა და თავის გენიტალიებს ტრუსების ქვეშ მალავდა. საბოლოოდ ბარაკ ობამას ერთ-ერთმა ფავორიტმა კონგრესმენმა თანამდებობა დატოვა.
ჯონ ენსაინი 11 წლის განმავლობაში ნევადის შტატს წარადგენდა ამერიკის კონგრესის ზედა პალატაში და 1998 წელს მკაცრად აკრიტიკებდა იმდროინდელ პრეზიდენტს ბილ კლინტონს, მონიკა ლევინსკისთან გახმაურებული რომანის გამო. თუმცა, 2008 წელს პრესაში გაჟონა ცნობამ, რომ ენსაინს ორწლიანი რომანი ჰქონდა თავისი აპარატის თანამშრომლის, დუგ ჰემპტონის მეუღლესთან. ამბობენ, დუმილის სანაცვლოდ ჰემპტონმა ენსაინს რამდენიმე ასეული ათასი დოლარი გამოსძალა და საერთო ჯამში, სენატორისგან ერთი მილიონი დოლარის მიღებას გეგმავდაო. საბოლოოდ ჰემპტონმა მაკომპრომეტირებელი წერილი მაინც გადაგზავნა ტელეარხ "ფოქს ნიუსში" და ამ ფაქტის გახმაურებისთანავე, ერთ დროს ყველა ამერიკელისთვის მისაბაძ პერსონად წოდებულმა სენატორმა ენსაინმა თანამდებობის დატოვების თაობაზე განცხადება გააკეთა.