2014 წლის 17 ივლისს, სააგენტო “Abkhaznews.ru“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სომეხთა სასულიერო ერთ-ერთი ლიდერი ტერ-სეტრაკი აფხაზეთის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს:
“მე მრავალი წლის განმავლობაში ვთესავ ჩემი მრევლის გულებში სიყვარულს მოძმისადმი და ვუხსნი მათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სომხების გაერთიანება აფხაზეთის განვითარებისა და აყვავებისათვის.
ჩემი მხრივ, დიდად მადლობელი ვარ აფხაზი ხალხის, იმ მოცემული შესაძლებლობის გამო, რომლითაც ვცხოვრობ ერთ საერთო ოჯახში, როგორც თანასწორი თანასწორებთან, ძმებსა და დებს შორის.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აფხაზეთთან სომხებს მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს…
აფხაზთა მეფის ასული გურანდუხტიც ხომ ლეგენდარული სომეხთა მეფის აშოტ ერკატის ძმასთან, აბასთან წმინდა ქორწინებით იყო დაკავშირებული…
და დღეს, არავის შეუძლია თქვას, რომ აფხაზებმა ეს კავშირები დაარღვიეს…
ამას მოწმობს სომხური ეკლესია აფხაზეთში, ათეულობით სომხური სკოლა, სომხური ტრადიციების და ფასეულობების დაფასება ამ ქვეყანაში.
ვიმედოვნებ, ისტორიამ ასწავლა სომხებს იყვნენ მონოლითურნი და ერთიანნი…
უმთავრესი პრიორიტეტი კი, უნდა იყოს თავად ხალხი, რომელიც გამოადგება იმ საზოგადოებას და იმ სახელმწიფოს, სადაც ცხოვრობს…
მინდა აფხაზეთი აყვავებული ვნახო… ამ ძლიერმა და მეომარმა ხალხმა, ჭეშმარიტად დაიმსახურა დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის უფლება, აფხაზეთის რესპუბლიკის სახით,“ _ ტერ-სეტრაკის სიტყვებს ციტირებს სააგენტო.
ამ საკითხზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია სომხეთის ეკლესიის ქართულ ეპარქიას. როგორც ეპარქიის იურისტი მიქაელ ავაქიანი ამბობს, ამის მიზეზი მედიაა:
_ არავინ დაგვკავშირებია და კომენტარი არ უთხოვნია. თქვენ დარეკეთ პირველად, _ გვითხრა ავაქიანმა.
მისივე თქმით, სომხეთის ეკლესიის ქართული ეპარქია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს:
_ არავითარი ეპისკოპოსი არ აღიარებს, მსგავსი რამ არ ყოფილა. ცალკეული, ვიღაც სასულიერო პირის გამონათქვამი იყო და არ ვიცი, რამდენად სწორია, რაც დაიბეჭდა. ჩვენი პოზიცია ისაა, რომ ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეპარქია ამ პოზიციას აფიქსირებს.
_ ტერ-სეტრაკი სომხეთის ეკლესიის ეპარქიას არ ექვემდებარება?
_ ის არ არის სომეხთა სამოციქულო საქართველოს ეპარქიის სასულიერო პირი. შეიძლება იყოს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის სამღვდელო პირი, მაგრამ ჩვენი ეპარქიის არაა. შესაბამისად, ცალკეული პირის გამონათქვამზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. მით უმეტეს, არ ვიცით ეს სიტყვები დანამდვილებით მან თქვა თუ არა.
_ გადამოწმება არ გიცდიათ?
_ ამ ეტაპზე, ვერ ვახერხებთ მასთან კონტაქტის დამყარებას, რადგან არ იმყოფება ადგილზე. არ ვიცით შვებულებაშია თუ არდადეგებზე და ვერ ვუკავშირდებით.