"ჩოხატაურის მცხოვრებლები ღრმა მწუხარებით იუწყებიან წყლის გარდაცვალებას და თანაუგრძნობენ გარდაცვლილის ახლობლებს, უწყლოდ დარჩენილ ონკანებს, აბაზანებს, უნიტაზებს და მიწაში ღრმად დამარხულ გამომშრალ მილებს. ის მათ და ჩვენც მუდმივად გვემახსოვრება ზაფხულის აუტანელ სულის მხუთავ ცხელ დღეებში," _ ეს სტატუსი ჩოხატაურელმა ზვიად ბენდელიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
ჩოხატაურის წყალმომარაგება დიდი ხანია, პრობლემაა. "გურია ნიუსმა" ამ თემაზე რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიებაც მოამზადა და მკითხველს უწყლობისთვის უმოწყალოდ დახარჯულ მილიონებზე დეტალურად უამბო.
"ნაციონალური მოძრაობის" დროს, როგორ ცენტრალური, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლება, 2013 წლის ბოლოს 24-საათიან უწყვეტ წყალმომარაგებას გვპირდებოდა. ამას ის ბანერიც მოწმობს, რომელიც ჩოხატაურის ცენტრში დღემდეა განთავსებული და როგორც გურულები ამბობენ, სირცხვილისგან ჟანგიც კი მოეკიდა.
"დაბა ჩოხატაურში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგაც, ჩოხატაურის მოსახლეობა სუფთა და ხარისხიან წყალს უწყვეტ, 24-საათიან რეჟიმში მიიღებს. სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს. პროექტის ღირებულება 3 მილიონი ლარია და სამუშაოებზე პირდაპირ და ირიბად, 150 ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრებია.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს წყალმომარაგების სერიოზული პრობლემა ჰქონდა. მოსახლეობას წყალი ათწლეულების მანძილზე არასტაბილური გრაფიკით კვირაში რამდენიმე საათით მიეწოდებოდა. სამუშაოების მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, გრაფიკი სტაბილური გახდა და ამჟამად, ჩოხატაურს წყალი ყოველდღიურად 6-10 საათის განმავლობაში მიეწოდება. მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ, ჩოხატაური 24-საათიან წყალმომარაგებაზე გადავა.
ჩოხატაურის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა, გაკეთდა წყალსადენი მილების მაგისტრალური ქსელი. მოეწყო საქლორატორო, დამონტაჟდა წყალსადენი ჭები. სამუშაოების მეორე ეტაპზე აშენდა 2 000 კუბურ მეტრიანი წყლის რეზერვუარი და მოეწყო საქლორატორო. ასევე, ჩატარდა ქუჩების დაქსელვითი სამუშაოები. სამუშაოების მესამე ეტაპზე მოეწყობა საფილტრი ნაგებობა, დამონტაჟდება 2 ახალი ტუმბო-დანადგარი, მდინარე გუბაზეულზე აშენდება წყლის მიმღები ნაგებობა და მოხდება წყალმომარაგების ქსელის სრული რეაბილიტაცია, რის შედეგადაც, დაბა ჩოხატაურის მცხოვრებლები სუფთა და გაფილტრულ წყალს 24-საათიან რეჟიმში მიიღებენ. აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დასრულდება," _ ეს ინფორმაცია, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის, ასევე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ვებგვერდზე მართალია დღეს აღარ იძებნება, თუმცა, როგორც პრესის, ასევე ტელევიზიების არქივში შემორჩენილია.
გაერთიანებული წყალმომარაგების გვერდზე დღეს საძიებო სისტემა საერთოდ გათიშულია. ფოტოგალერეა 2012 წლის 6 დეკემბრიდან იწყება _ ძველი ფოტოები წაშლილია. ერთადერთ ძველ ფაილში, რომელსაც"2010" აწერია, სხვადასხვა წლებში გადაღებული ის ფოტოებია თავმოყრილი, რომელიც კომპანიის პიარღონისძიებებს ასახავს.
რაც შეეხება მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფიციალურ ვებგვერდს, აქ მხოლოდ იმას გაიგებთ, რომ ჩოხატაურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია (ფაზა 3) დაიწყო.
"ადგილმდებარეობა, რეგიონი/მხარე: გურია; პროგრამა: WIMP; მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური; დონორი: EIB;
პროექტირება
საპროექტო კომპანია: შპს "აგრომრეწვსერვისი";
პროექტირების ღირებულება:
პროექტის ღირებულება: ….
შესყიდვა
კონტრაქტორი: სს "თბილისი"; კონტრაქტის ნომერი: IB/WIMP/W/ICB/20-1; კონტრაქტის თარიღი: 28/06/2013
კონტრაქტის გაფორმების წესი: კონკურსი პირდაპირი
ღირებულება: 3447049,34; დაწყება: 08/01/2014
ავანსის გარანტიის მოქმედების ვადა:
დასრულება: 10/03/2015 ;
განხორციელება
დაწყება: 08/07/2013
სტატუსი: მიმდინარე".
არადა, ჯერ კიდევ გასულ წელს, ამავე გვერდზე ამავე კონტრაქტთან დაკავშირებით ვკითხულობდით:
"მუნიციპალური განვითარების ფონდმა სს "თბილისთან" კონტრაქტი 2013 წლის 8 ივლისს გააფორმა, რომლის თანახმადაც, წყალმომარაგებისთვის 2 666 095.11 ლარი გამოიყო."
მაშინდელი ინფორმაციის თანახმად, რომლის ამსახველი მტკიცებულებები ჩვენს არქივში ინახება, კონტრაქტი პირდაპირი კონკურსის წესით გაფორმდა და ობიექტი 2014 აგვისტოს ბოლოს უნდა ჩაბარებულიყო.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური სამსახურის უფროსი ზაზა სიხარულიძე 2014 წლის აპრილის ბოლოს გვიმტკიცებდა, რომ ჩოხატაურს 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება ივნისის ბოლოდან ექნებოდა.
ივლისის ბოლოს კი გვეუბნებოდა, რომ მშენებელი ვადებში ვერ ჩაეტია, ჯარიმებიც გადაიხადა და გვიანონსებდა, რომ 2014 წლის აგვისტოს ბოლოს ყველა პრობლემა მოგვარდებოდა.
აქვე აღსანიშნავია ერთი დეტალი: სს"თბილისი" ჩოხატაურის წყალმომარაგების პროექტს 2011 წელსაც ახორციელებდა. უფრო მეტიც _ 2013 წელს, ჩოხატაურში მყოფი ინფრასტრუქტურის მინისტრის მაშინდელი მოადგილე შოთა მურღულია"გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობდა, რომ ჩოხატაურის წყალმომარაგების სიტემის რეაბილიტაციის შეუსრულებელი პროექტით და შემსრულებელი კომპანიებით პროკურატურა იყო დაინტერესებული.
თუმცა, ჯერ კიდევ შარშან გავარკვიეთ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა, პირდაპირი კონკურსის წესით, სწორედ იმ კომპანიას გაუფორმა ხელშეკრულება, რომლის მიერ 2011 წელს შესრულებული სამუშაოები ეჭვქვეშ იდგა:
"გაცნობებთ, რომ ჩოხატაურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას შპს "ნიუ ენერჯი" ახორციელებდა, თუმცა, აღნიშნულ კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა და პროექტით ნაკისრ ვალდებულებებს ვეღარ ასრულებდა. სწორედ ამიტომ, ფონდმა (საერთაშორისო ინჟინერ-კონსულტანტთა ფედერაცია) "ფიდიკის" წესებით იხელმძღვანელა და "ნიუ ენერჯისთან" მოხდა კონტრაქტის გაწყვეტა, ვინაიდან ის ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებდა. ასევე, "ფიდიკის" წესებით მოხდა კონტრაქტის დადება სააქციო საზოგადოება "თბილისთან", რომელიც "ნიუ ენერჯის" ქვეკონტრაქტორი კომპანია იყო და ობიექტს უკვე იცნობდა, სს "თბილისი" ობიექტზე სამუშაოებს "ნიუ ენერჯის" დავალებით უკვე ახორციელებდა, თუმცა, კომპანიის გაკოტრების შემდეგ, ქვეკონტრაქტორი კომპანია დამოუკიდებლად ვერ იმუშავებდა. შესაბამისად, ახალი კონტრაქტი გაფორმდა სს "თბილისთან", რომელმაც კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები სრულად შეასრულა," _ ასე გვიპასუხეს 2014 წლის ივლისს მუნიციპალური განვითარების ფონდში კითხვაზე, როგორ მოახერხა კომპანიამ, რომელიც ჩოხატაურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე 2011 წელსაც მუშაობდა ტენდერის გარეშე, პირდაპირი კონკურსის წესით მიეღო ეს პროექტი, როცა მათ მიმართ ბევრი შეკითხვა არსებობდა.
ამავე პერიოდში, მოსახლეობისთვის წლის შეწყვეტის მიზეზად მუნიციპალური განვითარების ფონდი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სტიქიას ასახელებდა:
"მიმდინარეობს სტიქიის მიერ მიყენებული ზიანის აღმოფხვრა. რაც შეეხება წყლის მიწოდებას, აღნიშნული საკითხი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კომპეტენცია არ გახლავთ, თუმცა, აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ინფორმაციით, ამჟამად სტიქიის მიერ გამოწვეული ხარვეზებიდან გამომდინარე, წყლის მიწოდება ვერ ხერხდება.
სამუშაოები უკვე დაწყებულია, მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღმოიფხვრება ხარვეზები და ობიექტი ექსპლუატაციაში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გადაეცემა," _ ვკითხულობთ მუნიციპალური განვითარების ფონდის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ლანა ბერიძის მიერ 2014 წლის ივლისში გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში.
ამ პასუხიდან ერთ წელზე მეტი გავიდა _ ჩოხატაური, სადაც, როგორც იტყვიან, წყალს მიაქვს ყველაფერი, უწყლოდაა და მოსახლეობა დახმარებას დიდი ხანია ითხოვს.
წყალს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტებიც ითხოვენ, რომელთა პრობლემაც ამ ეტაპზე საკმაოდ უცნაურად არის მოგვარებული _ მათ წყლის სარეზერვო ავზებს სახანძრო მანქანები უვსებენ.
რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობას, როგორც ფაქტები მოწმობენ, მისი ბედი არავის ადარდებს _ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები, ორ დღეში ერთხელ, დილით ერთი საათით გამოშვებული წყლით დაკმაყოფილებას ურჩევენ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა გვიმტკიცებს, რომ ჩოხატაურს 24-საათიანი წყალმომარაგება აქვს:
"24-საათიანი წყალმომარაგება დაბა ჩოხატაურს კარგა ხანია აქვს. უფრო სწორად, ჰქონდა. მოსახლეობა წყლის მოწოდების მაღალ წნევას უჩიოდა და ამის მომსწრე თქვენც იყავით მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, მაგალითად, ბენდელიანის ქუჩაზე (ამ შეხვედრაზე მოსახლეობა მხოლოდ იმას ამბობდა, რომ როცა ონკანებში წყალი მოდის მაღალი წნევა აქვს. ჩოხატაურში არ არსებობს ადამიანი _ამ შემთხვევაში გამონაკლისი გამგებელია, რომელიც იტყვის, რომ 24-საათიანი წყალმომარაგება აქვს, რადგან ასეთი რამ რეალობაში არაა. ავტ).
ერთი წლის წინ, როცა ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენი ზრუნვის ერთ-ერთი მთავარი საგანი სწორედ წყალმომარაგების უზრუნველყოფა გახდა. ამ ხნის განმავლობაში დასრულდა 25-კილომეტრიანი შიდა ქსელის გაყვანა. აშენდა 3-კილომეტრიანი მაგისტრალური ქსელი. მდინარე სუფსაზე მოეწყო სადრენაჟე გალერეა.
აშენდა სატუმბი სადგური და მაღალი სტანდარტების საქლორატორო. სამწუხაროდ, გვალვებამდე ვერ მოესწრო ახალი სადგურის ექსპლოატაციაში გაშვება. ყველასთვის გასაგებია, რომ ამ დროს წყლის დებეტი კლებულობს, მოხმარება იზრდება. იყო სუბიექტური ხელისშემშლელი ფაქტორებიც, კერძოდ, გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ, რომელმაც წყალსადენი ექსპლოატაციაში უნდა მიიღოს, მშენებლებს ტუმბოები დაუწუნა.
საჭირო გახდა საზღვარგარეთ ახალი შეკვეთის გახორციელება. ეს დანადგარები გუშინ საღამოს (გამგებელმა კომენტარი 4 აგვისტოს მოგვაწოდა. რედ.) ჩოხატაურში ჩამოიტანეს. როგორც მშენებლები გვეუბნებიან, მაქსიმუმ, 3 კვირაში ახალი სატუმბი სადგური ჩაირთვება და დეფიციტი აღმოიფხვრება. მანამდე კი წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად, მდგომარეობის შესამსუბუქებლად მაქსიმუმს ვაკეთებთ _ იმ ქუჩებზე, სადაც გრაფიკითაც ვერ აღწევს წყალი, წყლის მიწოდება სპეციალური მანქანით გახორციელდა," _ მოგვწერა კუჭავამ.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გვპირდებიან, რომ ჩოხატაურს უწყვეტი წყალმომარაგება აგვისტოს ბოლოდან ექნება:
"ჩოხატაურის წყალმომარაგების სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო 2012 წელს, შპს"ნიუ უნივერსალის" მიერ 2011წელს მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად. ობიექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენდა 2 666 095 ლარს, კონტრაქტორი კომპანია იყო"ნიუ ენერჯი". სამუშაოები, დაწყებიდან მალევე შეჩერდა კონტრაქტორის ფინანსური პრობლემების გამო. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ობიექტზე სამუშაოები განახლდა 2014 წელს, კომპანია"თბილისის" მიერ, რომელიც თავის დროზე იყო შპს"ნიუ ენერჯის" ქვეკონტრაქტორი. კონტრაქტის მიხედვით გახორციელდა გამანაწილებელი ქსელის, შახტური ჭის, სატუმბი-სადგურის, საფილტრი ნაგებობის, მდინარე გუბაზოულის ნაპირზე წყალმიმღები ნაგებობის და მაგისტრალური ქსელის მოწყობა. სამუშაოების დასრულებისას გამოიკვეთა, რომ პროექტში დაშვებული უზუსტობების გამო(?!), შახტურ ჭაში და წყალმიმღებ ნაგებობაში შეუძლებელი იყო პროექტით გათვალისწინებული დებეტის მიღება, რაც ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვებას შეუძლებელს ხდიდა. გადაწყდა ჩოხატაურის წყალმომარაგებისთვის ალტერნატიული სათავის მოძიება. შესაბამისი ჰიდროგეოლოგიური და სხვა სახის კვლევების შედეგად მიღებული იქნა გადაწყვეტილება მდინარე სუფსის ნაპირზე ახალი სათავე ნაგებობის მოწყობასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საპროექტო დეპარტამენტის მიერ მომზადდა საპროექტო დოკუმენტაცია, რაც ითვალისწინებდა მიწისქვეშა ჰორიზონტალური წყალმიმღების მოწყობას შესაბამისი შემკრები კამერით, სატუმბი და საქლორატორო შენობების მშენებლობას, 3000 გრძ/მ სადაწნეო მაგისტრალის მონტაჟს. სამშენებლო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 780 ათასი ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით კონტრაქტორს სამუშაოების დასრულების ვადად განესაზღვრა 2015 წლის აპრილი. მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი ობიექტური მიზეზების გამო, რაც ძირითადში გამოწვეული იყო მოსახლეობის მიერ ნაკვეთების დარეგისტრირებასთან, რის გამოც საჭირო გახდა დამატებით 350 გრძ/მ მაგისტრალის მოწყობა, კონტრაქტორს სამუშაოების დასრულება გადაუვადდა 30.06.2015-მდე. ამ ეტაპზე სამუშაოები არ დასრულებულა და კონტრაქტორს ჯარიმის სახით უკვე დარიცხული აქვს 10 960 ლარი. დღევანდელი მდგომარეობით უკვე დასრულებულია წყალმიმღები ნაგებობის, სატუმბი და საქლორატორო შენობების და სადაწნეო მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები. მიმდინარეობს ტექნოლოგიური დანადგარების სამონტაჟო სამუშაოები. დარჩენილია ელმომარაგების, გაშვება-გამართვის და სისტემის ტესტირების სამუშაოები. კონტრაქტორის განცხადებით, სამუშაოებს დაასრულებს აგვისტოს ბოლომდე. ამჟამად ჩოხატაურის წყალმომარაგება ხორციელდება"გორთაფონის" სათავე ნაგებობიდან ღია ტიპის წყალმიმღებით, საშუალოდ 6-საათიანი გრაფიკით, რომელიც გვალვების გამო რადიკალურად შემცირდა და წყალმომარაგება შეუძლებელი გახდა. ასევე, წვიმის შემთხვევაში წყალი იმღვრევა და წყალმომარაგება ამ შემთხვევაშიც წყდება. გორთაფონის სათავე ნაგებობა სოფ. ხიდისთავის საკუთრებაა, ხოლო სათავიდან გამომავალი მაგისტრალი _ ჩოხატაურის. ვინაიდან სოფ. ხიდისთავის მაგისტრალი ძლიერ ამორტიზირებულია, ქ. ჩოხატაურის მაგისტრალით სარგებლობს ორივე დასახლება. სათავე ნაგებობა ხშირად იბიდნება და მისი გაწმენდა ხორციელდება კომპანიის სერვისცენტრის ძალებით. ვინაიდან ძლიერი გვალვების შედეგად გორთაფონის სათავის დებეტი კატასტროფულად შემცირდა, ჩოხატაურის წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ, 30 ივლისიდან 1 აგვისტომდე, მდინარე გუბაზოულზე მოეწყო დროებითი წყალმიმღები, დამონტაჟდა ტუმბო, რომლის საშუალებით შესაძლებელი გახდა წყლის მიწოდება საფილტრი ნაგებობისთვის და სატუმბი სადგურისთვის. აღნიშნულის შედეგად ჩოხატაურის წყალმომარაგება ამჟამად ხორციელდება 3-საათიანი გრაფიკით," _ მოგვწერა ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა პაიჭაძემ.
ჩვენ შევეცადეთ კომენტარი მიგვეღო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგანაც, თუმცა, უშედეგოდ _ არც პრესსამსახურმა და არც ოზურგეთის სერვისცენტრის ხელმძღვანელმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. რაც შეეხება ჩოხატაურს, როგორც გვითხრეს, აქაური სერვისცენტრის ხელმძღვანელი ერთი კვირის წინ გაათავისუფლეს და ამ ეტაპზე ოფიციალურ კომენტარს არავინ აკეთებს.
"გურია ნიუსი" ცდილობდა პასუხი მიეღო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემაზეც _ წყლის ხარისხზეც.
თუ კომპანიის წარმომადგენლებს და მათ დოკუმენტაციას დავუჯერებთ, წყალი სასმელად ვარგისია, თუმცა, თუ ონკანიდან ორ დღეში ერთხელ (უკეთეს შემთხვევაში დღეში ერთი საათი) წამოსული წყლის ფერით და გამოყოლილი უცხო სხეულებით ვიმსჯელებთ, ზემოთ ხსენებული დოკუმენტაციის სანდოობა საეჭვოა.
ამას ჩვენთან საუბარში იმ კომპანიების წარმომადგენლებიც საუბრობენ, რომლებმაც წყალი კერძო ლაბორატორიებში შეამოწმეს:
_ ჩვენს კომპანიას თითოეულ თანამშრომელზე დაზღვევა აქვს. როდესაც წყლის სინჯები აიღეს, მკაცრად გაგვაფრთხილეს, რომ ეს წყალი არ დავლიოთ, რადგან იმ შემთხვევაში თუკი რაიმე მოხდება, დაზღვევა არ ანაზღაურდება, _ გვითხრა ერთ-ერთმა კომპანიის მენეჯერმა, რომლის ვინაობას ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ.
ის, რომ ონკანში წამოსული წყალი სასმელად უვარგისი და სახიფათოა, იციან სხვა დიდ კომპანიებშიც, რომლებიც ჩოხატაურში ფუნქციონირებენ.
ამაზე რიგითი მოქალაქეები და ექიმებიც საუბრობენ _ ჩოხატაურში, წყლით მოწამვლის შემთხვევები არცთუ იშვიათია.
_ რთულია იმის დადგენა, ადამიანი წყლით მოიწამლა თუ სხვა რამით _ ჩვენთან შესაბამისი ლაბორატორია არ არის, თუმცა, გვქონია შემთხვევები, როცა გვაქვს შესაბამისი სიპტომები; ასევე, პაციენტიც წყალს აბრალებს მოწამვლას, _ გვითხრა ერთ-ერთმა ექიმმა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში, გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიაზე დაყრდნობით გვითხრეს, რომ წყალი სასმელად ვარგისია:
_ რაც შეეხება წყლის ხარისხს, წყლის გაუსნებოვნება ხორციელდება 2000 კბ.მ. მოცულობის სამარაგო რეზერვუარში. ხარისხის კონტროლი ხორციელდება რეგიონის ლაბორატორიის მიერ. სასმელი წყლის ხარისხი შეესაბამება რეგლამენტის მოთხოვნებს. მიუხედავად ამისა, თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, წყლის კომპანია კიდევ ერთხელ გადაამოწმებს ჩოხატაურში წყლის ხარისხს სურსათის უვნებლობის სამსახურის სპეციალისტებთან ერთად, _ გვითხრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა პაიჭაძემ.
დასკვნას, რომლის ობიექტურობის იმედსაც ვიტოვებთ,"გურია ნიუსი" მიღებისთანავე შესთავაზებს.