საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმდინარე წლის ახალი ფინანსური დეკლარაცია შეავსო, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ბიუროს ვებ-გვერდზე 7 აგვისტოს გამოქვეყნდა.
დეკლაცარიაში, წინა წელთან შედარებით, ცვლილებებია ასახული, კერძოდ კი, მარგველაშვილის დეკლარაციაში აღარ წერია მისი უფროსი ქალიშვილი ანა მარგველაშვილი. ახალ დეკლარაციას კი, პრეზიდენტის მეუღლე მაკა ჩიჩუა და ვაჟი, თეიმურაზ მარგველაშვილი დაემატა.
რაც შეეხება პრეზიდენტის უძრავ-მოძრავ ქონებას, ის 2014 წლის დეკლარაციასთან შედარებით არ შეცვლილა. დეკლარაციას მხოლოდ მაკა ჩიჩუას თბილისში, ლერმონტოვი-ჯაფარიძის ქუჩაზე მდებარე 70 კვ,მ-ის ფართობის ბინა დაემატა.
დეკლარაციის მიხედვით, პრეზიდენტი ფლობს ხუთ მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელ სახლსა და ბინას.
კერძოდ, გიორგი მარგველაშვილის საკუთრებაშია 775.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი დუშეთში, სააკაძის ქუჩაზე და ამავე ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთები, რომელთა ფართობი 946.00 კვ.მ., 541.00 კვ.მ., 1000.00 კვ.მ.-ია.
ასევე, მის საკუთრებაშია ამავე მისამართზე მდებარე 200.00 კვ.მ.-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი.
გიორგი მარგველაშვილი ფლობს ბინას თბილისში, პაულო იაშვილის ქუჩაზე, რომლის ფართობიც 120.00 კვ.მ-ია.
ხოლო, მამის, თეიმურაზ მარგველაშვილის საკუთრებაშია თბილისში, პავლე ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე 165.00 კვ.მ-ის ფართობის ბინა.
რაც შეეხება მარგველაშვილების ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსებისას მათი საბანკო ანგარიშები ასე გამოიყურებოდა:
პრეზიდენტს სახელფასო ანგარიშზე "თი–ბი–სი" ბანკში მხოლოდ 685.00 ლარი ჰქონდა, ხოლო მის მეუღლეს, მაკა ჩიჩუას მიმდინარე ანგარიშზე ბანკ "ქართუში" 46 ლარი.
პრეზიდენტის მამის, თეიმურაზ მარგველაშვილის საპენსიო ანგარიშზე "ლიბერთი ბანკში" ირიცხებოდა 150.00 ლარი. დედის, მზეანა გომელაურის საპენსიო ანგარიშზე ამავე ბანკში კი – 650.00 ლარი.
ასევე, მზეანა გომელაურს სახელფასო ანგარიშზე "თი–ბი–სი" ბანკში 1586.74 ლარი ჰქონდა. ამავე ბანკის მეორე სახელფასო ანგარიშზე 1156.18 ლარი; საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე კი, 600.00 ლარი.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ოჯახს ნაღდი ფულის სახით დეკლარაციის შევსებისას 4 000 ლარზე მეტი რაოდენობის თანხა არ ჰქონდა.
რაც შეეხება პრეზიდენტის შემოსავლებს, დეკლარაციის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში მან 82 800.00 ლარი აიღო. ხოლო მის მეუღლეს, მაკა ჩიჩუას, ტვ 3-სგან (მხატვარი) 30 000.00 ლარის შემოსავალი აქვს აღებული.
დედას, მზეანა გომელაურს აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიიდან, სადაც ის ლექტორია 2165.63 ლარი აქვს მიღებული; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიდან, სადაც მას ასევე ლექტორის პოზიცია უჭირავს – 3391.25 ლარი; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან (ლექტორი) კი, სადაც მან მიმდინარე წელს დაიწყო მუშაობა, 5268.75 ლარი.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ოჯახი არ ფლობს ძვირადღირებულ ნივთებსა და ფასიან ქაღალდებს. დეკლარაციის მიხედვით, მისი ოჯახის წევრებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში არც სამეწარმეო საქმიანობაში მიუღიათ მონაწილეობა.