შსს ოზურგეთის რაონული სამმართველოს ახალდანიშნული პოლიციის უფროსი გოჩა ჟღენტი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის მიზეზად, "გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართავლოს ახალ უფროსთან კობა ცერცვაძესთან დაძაბული ურთიერთობა და დაპირისპირება გახდა.
გოჩა ჟღენტი "გურია ნიუსთან" თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ კომენტარს აკეთებს და განმარტავს, თუ რა გახდა მისი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი:
"კი არ გამათავისუფლეს, მე თავად დავწერე განცხადება და წამოვედი ჩემი სურვილი. ერთ თვეში ესპანეთში მივდივარ საცხოვრებლად 5 წლით. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, დამთავრდეს ამაზე საუბარი რა" – გვითხრა ჟღენტმა.
ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროს გოჩა ჟღენტი , აღნიშნულ პოსტზე დანიშვნიდან დაახლოებით ორ კვირაში გაათავისუფლეს.
მანამდე ჟღენტი ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს უფროსად მუშაობდა, ბოლოს კი ლანჩხუთის პოლიციის უფროსის მანუჩარ ნიკოლაძის მოადგილე იყო.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ჟღენტის დანიშვნა ძალოვან სტრუქტურებში აღარ მოხდება.
შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი კობა ცერცავაძე , აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.