დღეს, ქალაქ ოზურგეთში, რუსთაველის ქუჩაზე # 28 მდებარე სპორტული კომპლექსის შენობაში, ოლიმპიური კომიტეტის წევრებმა, სპორტსმენებმა და ჩემპიონებმა პრესკონფერენცია გამართეს. მათ ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით გამაფრთხილებელი შეკრება მოაწყვეს და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია, ოლიმპიური კომპლექსში საბილიარდოს განთავსებასთან დაკავშირებით.
შეკრებას სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებული ოლიმპიური ჩემპიონები ესწრებოდნენ.
გურიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლაშა ლომაძემ სპორტულ კომპლექსში დაანონსებული საბილიარდოს გაკეთებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა და ხაზგასმით განაცხადა, რომ სპორტსმენები ერთმანეთს გვერდში დაუდგებიან და პოზიციებს არ დათმობენ.
სპორტსმენების განცხადებით, ოლიმპიურ კომპლექსში მიუღებელია საბილიარდოს გაკეთება. ისინი მზადყოფნას და თანადგომას გამოხატავენ თითოეული სპორტსმენის მიმართ, რადგან სწორედ მათი მხარდაჭერითა და ინიციატივით იქნა აშენებული ოლიმპიური კომპლექსი.
"ამ შენობის აშენებაში ჩვენ, თითეულ ჩვენგანს მიგვიძღვის უდიდესი წვლილი, ეს არის ჩვენი დიდი ოჯახი, რასაც არ დავთმობთ"_ აღნიშნეს შეკრებაზე სპორტსმენებმა.
"გურია ნიუსი" დაუკავშირდა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურს, სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ქალაქ ოზურგეთის მერი პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც ყველა კითხვას გასცემს პასუხს.