გარემოს ეროვნულ სააგენტოს გეოლოგიურ ფონდში გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან დაცული 20 ათასამდე გეოლოგიური ანგარიში ინახება. ანგარიშები მნიშვნელოვან გეოლოგიურ ინფორმაციას შეიცავს და დღემდე ქაღალდის ფორმატშია დაცული. სიძველის გამო უნიკალური ნიმუშების განადგურების საფრთხე არსებობს.
გეოლოგიური ფონდების დიგიტალიზაციის პროექტს გარემოს ეროვნული სააგენტოს დაკვეთით საქართველოს ეროვნული არქივი განახორციელებს.
ხელშეკრულებას ხელი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ და საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა მოაწერეს.
როგორც ხელშეკრულების გაფორმების დროს ითქვა, არსებული გეოლოგიური ფონდების ელექტრონულ ვერსიაში გადაყვანით მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადაურჩება განადგურებას, მოხდება ციფრული მასალების კატალოგიზაცია, უფრო სრულყოფილი გახდება ქვეყნის მინერალური რესურსების ბაზა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამ კუთხით საინვესტიციო გარემოს და ხელს შეუწყობს მინერალური რესურსების რაციონალურ მართვას.































































