ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი შოთა ჩოჩიშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ დიდების დარბაზის წევრად აღიარა! დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი შაბათს, 22 აგვისტოს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, მშვიდობისა და შერიგების სასახლეში გაიმართა.
მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი შოთა ჩოჩიშვილი ერთ-ერთია იმ 10 სპორტსმენიდან, რომელიც ძიუდოს დარბაზის წევრი გახდა. ბატონი შოთა სახელით, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დიპლომი და პრიზი მისმა ვაჟმა, რამაზ ჩოჩიშვილმა ჩაიბარა.
„მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ვიზერს და ძიუდოს საერთაშორისო ოჯახს ამ პატივისთვის. ეს აღიარება ქართული ძიუდოს კიდევ ერთი წარმატებაა". – განაცხადა რამაზ ჩოჩიშვილმა გალა-დაჯილდოებაზე.
ქართველი ძიუდოკას გარდა დიდების დარბაზის საპატიო წევრები გახდნენ: მამაკაცთა შორის იაპონელები ჰარუკი უემურა და ლეგენდარული იასუჰირო იამასიტა, ასევე კორეელი იეონ კი-იანგი, ხოლო ქალთა შორის კარენ ბიგსი (დიდი ბრიტანეთი), კუბელი დრიულის გონსალესი, ბელგიელი ჟელა ვანდეკევეიე, ალჟირელი სორაია ჰადადი და ავსტრალიელი მარია პეკლი.
ძსფ-ის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა განაცხადა: „ძვირფასო მეგობრებო, ქალბატონებო და ბატონებო, კოლეგებო და პატივცემულო სტუმრებო! ჩვენი ერთიანი ოჯახი ყოველთვის აფასებს ღირსეულთ და დღევანდელი ცერემონიალიც ამის დასტურია – ძიუდოში დიდებული პიროვნებები, სპორტსმენები ასპარეზობდნენ და მიხარია, რომ მათგან გამორჩეულები ამ საპატიო დარბაზის წევრები ხდებიან. ვულოცავ ყველა ლაურეატს"!
ძიუდოს დიდების დარბაზის პირველი წევრები საერთაშორისო ფედერაციამ 2013 წელს, რიო დე ჟანეიროში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის წინ დააჯილდოვა.
შოთა ჩოჩიშვილი 1950 წლის 10 ივლისს დაიბადა ქარელის რაიონის სოფელ ღვლევში. ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ძიუდოისტია: 1972 წელს, მიუნხენში მოგებული ოლიმპიური ოქროს გარდა 1976 წელს მონრეალში ოლიმპიურ ბრინჯაოს დაეუფლა, 1973, 1974 და 1975 წლებში ევროპული ვერცხლი, 1977 წელს კი ბრინჯაო მოიპოვა. 1975 წელს მესამე ადგილი დაიკავა მსოფლიო პირველობაზე, ოთხჯერ კი საკავშირო ჩემპიონატის პრიზიორი გახდა. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი შოთა ჩოჩიშვილი 2009 წლის 27 აგვისტოს გარდაიცვალა.