ლიბიის სანაპიროსთან ორი გემი ჩაიძირა, რომელზეც 400 მიგრანტი იმყოფებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გემების ჩაძირვის შედეგად ორასამდე მიგრანტი დაიხრჩო. დაღუპულთა უმეტესობა სირიიდან, ბანგლადეშიდან, მაროკოდან და საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებიდან არიან.
ორგანიზაცია ექიმები საზღვრებს გარეშეს მონაცემებით, მაშველებმა 40 დამხრჩვალი მიგრანტი ნახევრად ჩაძირულ გემზე იპოვეს, 160 წყალში, ხოლო 201 მიგრანტის გადარჩენა შეძლეს და ქალაქ ზუვარას საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მათივე ინფორმაციით, იმის გამო, რომ სანაპიროს არ აქვს საკმარისი განათება, მიგრანტების ნაწილს ღამის გატარება წყალში მოუხდა.
როგორც ცნობილია, წელს 2 500-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა, როდესაც ხმელთა შუა ზღვის გადაკვეთას ევროპის ქვეყნებში ჩასვლის მიზნით ცდილობდა.