დღეს საქართველოს საფეხბურთო ჩენპიონატის მესამე ტურის მატჩში ლანჩხუთის "გურიამ" საკუთარ სარბიელზე დებიუტანტ თერჯოლის "საპოვნელას" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით – 3:0 გაიმარჯვა, რითაც სეზონის პირველი გამარჯვების გემოც იგემა.
ვერ ვიტყვით, რომ ანგარიში ნათლად ასახავდა მატჩის მიმდინარეობას. თერჯოლელებმა საკმაოდ ბევრი იბრძოლეს, მაგრამ მეორე გოლის შემდგომ საბოლოოდ გატყდნენ. ეს გოლი მეორე ტაიმის შუაწელში იშვა მას შემდეგ, რაც სტუმართა მეკარემ უპატიებელი შეცდომა დაუშვა, ბურთი ხელიდან გაუვარდა და იქვე დადარაჯებულმა მოსიაშვილმა "გურია" ორი გოლით დააწინაურა. მანამდე კი, ჯერ კიდევ პირველ ტაიმში თავისი პირველი ლანჩხუთური გოლი გაიტანა ჯიქიამ.
მატჩს საბოლოო წერტილი 77 – ე წუთზე წილოსანმა დაუსვა. ვანომ მარცხნიდან შეუტია, ბურთი მარჯვენა ფეხზე გადაიტანა და შორეულ "ცხრიანში" ჩინებულად გაიტანა.
ამ მოგებით გურულები სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზე დამკვიდრდნენ.