ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში ტრადიციული დღესასწაული ასკანობა გაიმართა. დილიდანვე ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით მოეწყო შეჯიბრი დოღში, მინი ფეხბურთსა და მკლავჭიდში. გამარჯვებულებს დიპლომები და თასები გადაეცათ.
სპორტული ღონისძიებების შემდეგ მსმენელის წინაშე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიულ-ფოლკლორული ანსამბლები და ადგილობრივი შემსრულებლები წარსდგნენ: მგალობელ მომღერალთა გუნდი "შემოქმედი", ფოლკლორული ანსამბლი "იადონი", ხალხურ საკრავთა ანსამბლი "ედელვაისი" , ქორეოგრაფიული ანსამბლები "ზენაარი", "ურეკი" და "ასკანელი".
ასკანობის დღესასწაულს ადგილობრივი ხელისუფლების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"ყველა ასკანელსა და ოზურგეთელს ვულოცავ ასკანობას . ამ სახალხო დღესასწაულს საფუძველი ძმებმა ასკანელებმა ჩაუყარეს და უკვე მეთხუთმეტე წელია აღინიშნება. წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით უფრო მასშტაბური სახე მიეცა ასკანობის აღნიშვნის ტრადიციას. მომავალ წელს ვგეგმავთ ღონისძიებები მეტად მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადოთ, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც" – თქვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურისა და ა(ა)ი.პ. "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა.