თხილის მოსავლის შეგროვებისა და გარჩევისთვის სულ უფრო აქტიურად ინერგება ახალი მექანიზაცია.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნუგზარ კალანდარიშვილმა თხილის შესაგროვებელი აპარატი, რომელიც იტალიიდან გამოწერით შეიძინა, საკუთარ კარმიდამოში გამოსცადა.
"ეს არის ტრაქტორზე ჩამოსაბმელი აპარატი, რომელიც კარგად გასუფთავებულ თხილის პლანტაციაში წარმატებით მუშაობს. უნდა მივეჩვიოთ, რომ თხილის ფართობში ქვები, ეკალ-ბარდი და სხვადასხვა ხის ტოტების ნარჩენები არ უნდა ეყაროს. ასეთ შემთხვევაში ზედმეტია საუბარი აპარატის გამართულ მუშაობაზე" -გვითხრა ნუგზარ კალანდარიშვილმა.
ნუგზარ კალანდარიშვილი, რამდენიმე წელია, ასევე წარმატებით იყენებს თხილის შესაგროვებელ იტალიურ ბენზოძრავიან აპარატ "ციფარელს." ის, საწვავთან ერთად, 17 კილოგრამს იწონის და ფერმერი ზურგზე მოკიდებით ამუშავებს.
ახლადშეძენილი დანადგარი ძვირადღირებულია და მას გადასაადგილებლად და მუშაობისთვის ძლიერი ტრაქტორი ესაჭიროება. წარმადობა საათში 400 კილოგრამია. აპარატი თხილს ჯერ აგროვებს, მერე არჩევს და ტომრებში ყრის. ამ ყველაფერს დანადგარი დამხმარეების მეშვეობით აკეთებს.
ოზურგეთის ფერმერული განვითარების ცენტრის დირექტორი შალვა შავიშვილი, რომელიც ესწრებოდა დეპუტატის კარმიდამოში აღნიშნულ პრეზენტაციას, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ძალიან მოსწონს ეს აპარატი და მზად არიან, კონსულტაციები გაუწიონ ფერმერებს, რათა ყველამ შეძლოს საკუთარ კარმიდამოში ასეთ მეთოდით მუშაობა და რაც მთავარია, ფერმერებმა შეძლონ დანადგარის შეძენა.
ჩვენ უახლოეს დღეებში, ფერმერთა ინფორმირების მიზნით, ვრცლად ვისაუბრებთ აღნიშნული დანადგარის შესახებ.