"უკიდურესად არასასურველი მოვლენა", "პრეცენდენტული საქმე", "ტესტი სასამართლოსთვის და მოსამართლეებისთვის" – ასე აფასებენ იურისტები და კონსტიტუციონალისტები ბოლო ორი დღის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს, რაც შესაძლოა მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტით დასრულდეს.
საქმე იმაშია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნის, გიგი უგულავას მიერ პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით იმსჯელა (რომელიც მისი წინასწარი პატიმრობის 9-თვიან ვადას ეხება), თუმცა, გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლო ვერ ახერხებს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა მერაბ ტურავამ მას ხელი არ მოაწერა.
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტურავამ პლენუმის სხდომაზე რომელზე დასწრების ვალდებულებაც მოსამართლეს აქვს, თითქოს ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო, ტურავამ დღეს უპასუხა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას ხელი არა ავადმყოფობის გამო, არამედ, შეგნებულად არ მოაწერა.
მოსამართლე განმარტავს, რომ მას გადაწყვეტილების გასაცნობად ძალიან მცირე დრო ჰქონდა, 50 გვერდიან დოკუმენტის გაცნობას და საკუთარი მოსაზრების წერილობით დაფიქსირებას კი, მინიმუმ ერთი კვირა მაინც სჭირდებოდა.
"საკონსტიტუციო სასამართლოში გამოუცხადებლობა და ხელის არ მოწერა არ იყო გამოწვეული ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით. ეს იყო ჩვეულებრივი მიმდინარე ერთი ფაქტი, რომელიც ამ გარემოებას დაემთხვა", _ განაცხადა ტურავამ ჟურნალისტებთან საუბრისას და დასძინა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები აიძულებდნენ ხელი მოეწერა "გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" გადაწყვეტილებაზე, რომლიც ხელმოსაწერად მზად არ იყო.
"მთავარი და ძირითადი რის გამოც გუშინ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელი არ მოვაწერე არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების პროექტის საბოლოო ვერსიის სარეზოლუციო ნაწილი პირველად გუშინ გადმომეგზავნა. ასევე არ ვიცოდი ის, რომ გადაწყვეტილება გუშინ ცხადდებოდა. ამის შესახებ 11 საათიდან იცოდნენ ჟურნალისტებმა და მხარეებმა. მე მხოლოდ და მხოლოდ გამოცხადებამდე 1 საათით ადრე გავიგე. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, არცერთ კონტინენტზე, აფრიკაში, აზიაში, ევროპაში ამერიკაში არ არსებობს მოსამართლისადმი ისეთი დიდი უპატივცემულობა, როგორიც გუშინ ჩემს მიმართ გამოიხატა", _ განაცხადა ტურავამ და დასძინა, რომ "ზეწოლა არის ის, როდესაც შენი კოლეგა ამბობს, გადაწყვეტილება მზად არ არის ხელმოსაწერად, შენ კი ეუბნები, რომ გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწერო".
"_ მე კონკრეტულად და გამოკვეთილად თავმჯდომარეს ვერ დავადანაშაულებ, ვერ ვიტყვი რომ მას განსაკუთრებული მცდელობები ჰქონდა. ზოგადად მოსამართლეებს უნდოდათ, რომ გადაწყვტილებაზე ხელი გუშინვე მომეწერა", _ განაცხადა ტურავამ.
ამასთანავე, მოსამართლე განმარტავს, ის გადაწყვეტილების მიღების ვადებში შეზღუდული არ არის.
"გუშინ 15:40 მივიღე გადაწყვეტილების სრული ტექსტი, გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი საათი რჩებოდა. ერთ-ერთმა მოსამართლემ დამირეკა და მითხრა, გავიგე ცუდად ხარ, მაგრამ მე თავად მოვალ და ხელს მოგაწერინებო. მე ვადებში არ ვარ შეზღუდული, გადაწყვეტილება გონივრულ ვადაში უნდა მივიღო, რისთვისაც ერთი კვირა მაინცაა საჭირო. საკონსტიტუციო სასამართლომ დაარღვია ყველანაირი წესი. ეს არის ტყუილი, რომ დღეს უნდა უზრუნველყოს სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება. აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლეებმა მოუმზადებლად დააფიქსირეს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სასამართლოს აღსრულების ვადები ჰქონდეს განსაზღვრული. მე საკონსტიტუციო სასამართლომ დროში შემზღუდა.
დღეს მოვიდნენ ჩემთან მოსამართლეები, მათ შორის თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და უნდოდათ, ხელი მომეწერა, მაგრამ გარკვევით ავუხსენი, არც ერთი მოსამართლე არ აწერს ხელს გადაწყვეტილებას, სანამ მას კარგად არ წაიკითხავს. მე არც ვიცი, დანარჩენმა მოსამართლეებმა წაიკითხეს თუ არა.
ერთი წესი არსებობს სამართალში, რომ ჯერ ყველა მოსამართლე აწერს ხელს და მხოლოდ ამის შემდეგ ნიშნავენ დროს გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად. მე ვფიქრობ, რომ ზეწოლაა, როდესაც მოსამართლე არ არის მზად გადაწყვეტილების მისაღებად და ხელმოწერას ითხოვენ. მე უმცირესობა ვარ და განსხვავებულ აზრს პატივი უნდა სცენ.
აქამდე არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მისულიყო მოსამართლესთან და ხელმოწერა მოეთხოვა. ჯერ არ მახსოვს, საკონსტიტუციო სასამართლო ასე ჩქარობდეს გადაწყვეტილების მიღებას", – აცხადებს ტურავა.
ცენტრ "მომავლის ინციატივების" ხელმძღვანელი, იურისტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლემ საკუთარი ვალდებულების შესრულებას თავი აარიდა.
"მოსამართლეობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ეს არ არის იძულება. თუკი ვინმე ამ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას იღებს, მან კანონით დაკისრებული ვალდებულება უნდა შეასრულოს. ეს ვალდებულება კი არის, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება და გამოხატოს თავისი პოზიცია. დადებითი თუ უარყოფითი, ეს შემდგომ შეიძლება იყოს მსჯელობის საგანი. აქვე წერია მოსამართლის უფლებები ამ ვალდებულების შესრულების დროს. თუკი ის არის უმცირესობაში ან არ ეთანხმება მისი რომელიმე კოლეგის მოსაზრებას, მას კანონით აქვს გარანტირებული, რომ საკუთარი განსხვავებული პოზიცია ჩამოაყალიბოს წერილობით, რაც უნდა დაერთოს იმ გადაწყვეტილებას, რომლის განხილვაშიც მონაწილეობდა. ამ ვალდებულების შესრულებისთვის ვუხდით ჩვენ, გადასახადის გადამხდელები მოსამართლეებს ფულს. ასეთი პრეცედენტი, რასაც ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიაში არ ყოფილა.
ამასთანავე, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ყველა მოსამართლეს ჰქონდა თანაბრად მონაწილეობის მიღების საშუალება განხილვის დროს, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც დღევანდელ განმარტებაში სასამართლომ აღნიშნა, გუშინ 1 საათზე ჩანიშნული იყო უმაღლესი ორგანოს პლენუმის სხდომა, რომლის მუშაობაშიც საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრი უკლებლივ მონაწილეობს, თუკი მას ფიზიკურად გადაადგილება მაინც შეუძლია. ამ შემთხვევაში კი, ერთ-ერთი მოსამართლე, არ გამოცხადდა სხდომაზე, მიუხადავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საკმარისი ამისთვის", _ ამბობს ალაფიშვილი.
იურისტი იმედოვნებს, რომ ეს ფაქტი სასამართლოს ავტორიტეტს ვერ შელახავს.
"არა მგონია გონივრული იყო, ის რომ აბსოლუტური უმრავლესობა ტყუის და ის ერთია მართალი. თუკი, რომელიმე თანამდებობის პირის მიმართ, იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, უზენაესის მოსამართლის ან ჩვეულებრივი მოსამართლის მიმართ არსებობს ლეგიტიმური ეჭვი და საფუძველი კეთილი ინებოს ყველამ და პირველ რიგში პოლიტიკოსებმა, რომ წარმართონ კონსტიტუციური პროცედურები, ეს არის საგამოძიებო კომისიის შექმნა, იმპიჩმენტის პროცედურები…", _ ამბობს ალაფიშვილი, თუმცა აქვე დასძენს, რომ ამის აუცილებლობას ამ შემთხვევაში ვერ ხედავს.
"იმედი მაქვს პირველ პრეცედენტულ გამოწვევას საკონსტიტუციო სასამართლო ღირსეულად მიიღებს. მას კანონი აძლევს საშუალებას დისციპლინური წარმოების ფარგლებში შეისწავლოს საკითხი და გადაწყვეტილებაც მიიღოს", _ აღნიშნავს ალაფიშვილი.
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის ხარვეზია, როდესაც მასში არ წერია, მოსამართლეს რამდენი დღე აქვს გადაწყვეტილების გასაცნობად და მასზე ხელმოსეწრად.
"ძალიან უსიამოვნო მოვლენების მომსწრენი ვართ. თვალი რომ გადავავლოთ ამ ბატალიებს, რაც ბოლო ორი დღის და ამ ფაქტის გარშემო ზოგადად მიმდინარეობს, ძალიან დაძაბული და დელიკატური ვითარებაა, სასამართლოსთვის გარკვეული ტესტი იყო და რჩება ეს საქმე. ასევე, მოსამართლეებისთვისაც. სასამართლოს განცხადებები აჩვენებს, რომ სასამართლოში შიგნით საკმაოდ დაძაბული ვითარებაა. ეს ქმედებებიც ამაზე მიუთითებს. ამიტომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მოვლენებს, რომელიც აქ განვითარდება. სასამართლოს კანონმდებლობა ამბობს იმას, რომ მოსამართლე ვალდებულია ხელი მოაწეროს, თუმცა არსად არ არის მითითებული და ეს, ალბათ, კანონმდებლობის გარკვეული ხარვეზია, რამდენი დღით ადრე უნდა გადაეგზავნოს მოსამართლეს გადაწყვეტილება, რამდენი დღე აქვს მას გაცნობისთვის. ჩვენ პრინციპში არც ვიცით როდის გადაეგზავნა ტურავას ეს გადაწყვეტილება, რადგან განსხვავებული მოსაზრებები ქვეყნდება", _ ამბობს მენაბდე.
მისივე თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის პროცესია, რომელიც ტურავას მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოებას გულისხმობს.
"სასამართლოს თავმჯდომარემ საქმე გადასცა საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიას, რომელიც 3 მოსამართლისგან შედგება. მათ უნდა გამოიტანონ საკუთარი გადაწყვეტილება, მიაწოდონ კოლეგიას და შემდეგ პლენუმმა იმსჯელოს ამ საკითხზე, რაც შესაძლოა ტურავას მოსამართლეობის შეწყვეტით დასრულდეს", _ ამბობს მენაბდე.
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს "უკიდურესად არასასიამოვნო მოვლენა" უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა. როგორც მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა, თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება გამოსაქვეყნებლად მზად არ არის, მაშინ მისი დაანონსება სწორი არ იყო.
"უკიდურესად არასასურველი მოვლენაა ყველაფრისათვის – პირველ რიგში სასამართლოსთვის და მთლიანად სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის, ჯერ დაანონსდა გადაწყვეტილების გამოცხადება, შემდგომ მოგვიანებით ითქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ტექნიკურად არ არის მზად, რადგან ერთ-ერთი მოსამართლე ჯანმრთელობის გამო გადაწყვეტილებაზე ხელი მოწერას ვერ ახერხებს და გადაწყვეტილება ვერ გამოცხადდა. გუშინ ვესაუბრე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს. ვთხოვე, რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს საკითხში სიცხადე. ჩვენ არ გვისაუბრია არაფერზე, რაც გადაწყვეტილების შინაარსს შეეხება, მაგრამ ის, რომ გაჩნდა გარკვეული საბაბი სხვადასხვა მითქმა-მოთქმის – ერთი მხრივ იმისა, რომ ჯერ დაუსრულებელი თუ ტენიკურად გაუმართავი გადაწყვეტილების გამოცხდება დაანონსდა და ხომ არ არის რაიმეს გამო ზედმეტი სიჩქარე, მეორე მხრივ, როდესაც სრულიად გაუგებარი თუ არადამაჯერებელი მიზეზის გამო, გადაწყვეტილებაზე მოსამართლის ხელმოწერის დასმა ვერ მოხდა – ხომ არ არის გადაწყვეტილების გამოქვეყნების ხელოვნურად გაჭიანურების მცდელობა. არც ერთი და არც მეორე ვერსია ცალ-ცალკე, თუ ერთობლიობაში არ ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი დამკვიდრდეს და სასამართლო იმ ნდობით და ავტორიტეტით სარგებლობდეს, რაც აუცილებელია. პაპუაშვილმა საუბრისას ბრძანა, რომ დღეს კიდევ გაერკვევა სიტუაციაში, თუ რაშია საქმე. იმედი მაქვს, რომ არ იქნება არც ზედმეტი სიჩქარე და არც ხელოვნური შეფერეხება. სასამართლოში მხარეები იმიტომ მიდიან, რომ რაღაც საკითხებზე არის შეუთანხმებლობა, ამიტომ ვიღაც რაღაცით კმაყოფილია, რაღაცით – უკმაყოფილო. ეს არ არის სასამართლოს თუ მოსამართლეების განსჯადი საკითხი. სასამართლომ და მოსამართლეებმა უნდა განსაჯოს, არსებული თემა, დავა და დანარჩენი – კმაყოფილები და უკმაყოფილოები თავად მოახერხებენ პოზიციების გამოთქმას. ვისურვებდი, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს – არა იმიტომ რომ პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხე მხარეა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ საკონსტიტუციო სისტემის ერთ-ერთი ის ინსტიტუტი, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოც მოიაზრება",_ განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ ტურავა პარლამენტმა 20 მარტს 84 ხმით ერთის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტის კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე აირჩია., მანამდე კი, იურიდიულმა კომიტეტმა მისი კანდიდატურის შესახებ ორჯერ იმსჯელა.