პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, მისი მისამართით გამოთქმულ შეფასებას ეხმაურება და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, გუშინ, 21 სექტემბერს, გამოაქვეყნა თავისი ვარაუდი იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება "შესაძლოა, აღქმული იყოს როგორც მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებზე განხორციელებული ზეწოლის გამართლება და მისი წახალისება." მიუხედავად ამ ვარაუდის აბსოლუტური უსაფუძვლობისა და აბსურდულობისა, საგანგაშოა თავისთავად ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რაღაც მიზეზთა გამო, ექმნებათ ამგვარი მოსაზრებები, შთაბეჭდილებები და ვარაუდები. საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, მიზანშეუწონლად მიმაჩნია ამ თემაზე საჯარო დებატებში შესვლა. ამასთანავე, იმავე მიზეზის გამო, საჭიროდ ვთვლი, უცვლელად შემოგთავაზოთ ჩემი კომენტარი:
"მე მინდა, რომ ყველას, მათ შორის, მოსამართლეებს, ვთხოვო, რომ პატივი ვცეთ ადამიანების უფლებას, საკუთარი მოსაზრების გამოთქმაზე და თუ ადამიანებს აქვთ რაღაც სათქმელი, მათ შეუძლიათ, ეს ქუჩაში გამოსვლითაც გამოხატონ; მე ასევე მივმართავ მოქალაქეებს, რომ პატივი ვცეთ სასამართლოების დამოუკიდებლობას და ჩვენი მოსაზრებები ისე გამოვთქვათ, რომ ხელი არ შევუშალოთ მართლმსაჯულების განხორციელებას."
თუ საკონსტიტუციო სასამართლოს ვარაუდი გამართლდა და ამ განცხადებას რომელიმე მოქალაქე აღიქვამს, როგორც მოსამართლეებზე და მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლის გამართლებად და წახალისებად, ვთხოვ, დამიკავშირდეს და რაიმე, უფრო გასაგები ენით ავუხსნი, რომ აქ საუბარია გამოხატვის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის პატივისცემის და მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩაურევლობის ფუნდამენტური პრინციპების დაბალანსებულ დაცვაზე"- ნათქვამია განცხადებაში.