საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის, რეზი არველაძის მხარდამჭერი და დელეგატი გეგა გობეჯიშვილი პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის დააკავა.
როგორც გობეჯიშვილის მეუღლე, თათა ხუნდაძემ წუხელ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა, გობეჯიშვილის ადგილსამყოფელის შესახებ დროის გარკვეულ მონაკვეთში ოჯახს და მეგობრებს ინფორმაცია არ ჰქონდათ. მისივე თქმით, გობეჯიშვილზე ზეწოლა რამდენიმე დღის განმავლობაში მიდიოდა და მას ლევან კობიაშვილის მხარდაჭერას სთხოვდნენ.
გეგა გობეჯიშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს არის ჩანიშნული.
გობეჯიშვილის დაკავებას არველაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა:
"გეგა გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, დიღომში, ქალაქის სამმართველოში (ესე გვეუბნებიან). ველოდებით გონივრულ გადაწყვეტილებას – მის გამოშვებას. თუ ეს არ მოხდა და მალე არ მოხდა, ჩემს მეგობრებთან ერთად ვიდგები ბოლომდე. არ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას მის გამოშვებამდე და მხოლოდ მისი გამოშვების შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ. ისევ და ისევ, მოვუწოდებ ყველა დელეგატს გამოხტონ პოზიცია და დაგვიდგნენ გვერდით!–წერს რეზი არველაძე
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები დღეს, 3 ოქტომბერს ჩატარდება. ფედერაციაში სულ 34 დელეგატია, კანდიდატი კი იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს თუ 18 დელეგატის ხმას მოიპოვებს. თუ 18 ხმას ვერცერთი კანდიდატი მიიღებს, გაიმარჯვებს ის, ვინც დამსწრეთა უმრავლესობის ხმას მოიპოვებს.