ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში ადმინისტრაციულ შენობას ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად განადგურდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად , არაოფიციალურად ელექტროენერგიის ძველი სადენები სახელდება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას განცხადებით, სოფელს სხვა ალტერნატიული ფართი არ გააჩნია: "ხანძრის გამომწვევი მიზეზი დგინდება, არსებობს მხოლოდ ვარაუდები, მაგრამ ერთი ფაქტია, განზრახ დაწვას ადგილი არ ჰქონია. ცეცხლის გაჩენის მიზეზი შეიძლება ძველი ელექტროსადენები იყოს. ეს იყო ძველი შენობა. ჩვენ ვიმყოფებოდით ადგილზე, ძალიან გვიან შეიტყო მოსახლეობამ ამის შესახებ. მოვიდა სახანძრო -სამაშველო სამსახურიც, თუმცა იმდენად ძველი ფიცრული შენობა იყო, რომ უცებ აალდა და ფაქტიურად სრულად დაიწვა. ძალიან ცუდი ამბავია, იმიტომ, რომ ამ სოფელში არ გვაქვს ალტერნატიული სხვა შენობა, სადაც განთავსდება სოფლის ადმინისტრაცია და ამბულატორია. ახლა მოგვიწევს გამოსავალის ძებნა ან დროებითი ფართი უნდა ვნახოთ , ან ახლი უნდა აშენდეს."– გვითხრა გამგებელმა.