საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული მასალების მიხედვით, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღება იგეგმება.
ამის შესახებ "გურია ნიუსთან" ინტერვიუში არქივის დირექტორმა ომარ თუშურაშვილმა განაცხადა.
"იცით, რომ პროფესიონალი მსახიობების მეშვეობით გადავიღეთ სრულმეტრაჟიანი, 2-სერიანი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი "ვინ მოკლა ილია”. ამჟამად, დაგეგმილია ანალოგიური ფორმატის პროექტის განხორციელება "საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ერთად. პარალელურად კი, გავაგრძელებთ მოკლემეტრაჟიანი 5-10-წუთიანი ფილმების კეთებას. ეს ფილმები ჩვენს საიტზეც არის განთავსებული და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისათვის", _ აღნიშნა თუშურაშვილმა.
რაც შეეხება მხატვრული ფილმის თემატიკას და გადაღების დაწყების სავარაუდო დროს, არქივის დირექტორი ამბობს, რომ რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი განიხილება.
"აქ სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ, რომლებიც თემატურად შემხებლობაში არიან როგორც ისტორიულ ჟანრსა და მძიმე მემკვიდრეობასთან (მაგ: 37 წლის რეპრესიები და ჯალათები), ასევე, შედარებით მსუბუქ, ლირიულ ისტორიებთან (მაგ: ქართულ-გერმანული წყვილის რომანტიული სიყვარულის რეალური ამბავი მეორე მსოფლიო ომის დროს).რომელი მათგანიც არ უნდა შევარჩიოთ, ვფიქრობთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესო იქნება", _ აღნიშნა თუშურაშვილმა.
რა ინფორმაციას ინახავს უშიშროების არქივი და ვისთვისაა ის ხელმისაწვდომი – ამ საკითხებზე, ომარ თუშურაშვილთან ჩაწერილ ინტერვიუს "გურია ნიუსი" მოგვიანებით შემოთავაზებთ.