"ბახმარო გამოყოფილია ცალკე სარეგისტრაციო სექტორად და მინიჭებული აქვს კოდი 28.24. ბახმაროს არ ჰყავს მუდმივი მცხოვრებლები, იგი არის სეზონური კურორტი და დამსვენებელი იქ მხოლოდ ზაფხულობით მიდის. ბახმაროს არ ჰყოლია არჩეული მმართველობის ან თვითმმართველობის ორგანო, აქ არ შექმნილა პრივატიზაციის კომისია და არ მომხდარა მიწების განაწილება. წლების განმავლობაში, მოქალაქეები ბახმაროში ეწეოდნენ სააგარაკე სახლების მშენებლობას ერთობლივად, ერთობლივ მშენებლობაში იგულისხმება ის რომ, რამდენიმე პირი (2,3,….. 14,15 და ზოგჯერ მეტიც) ერთად აშენებდა სააგარაკე სახლს და მშენებლობის დამთავრების შემდეგ, ისინი ინაწილებდნენ ოთახებს (ბინებს) მშენებლობაში შეტანილი წვლილის შესაბამისად. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მრავალი ასეთი სააგარაკე სახლი დღეის მდგომარეობით დანგრეულია დიდთოვლობის გამო და მათზე მონაცემები დაცულია საგადასახადო სიებსა და ტექბიუროს არქივში. ამჟამად ბახმაროში 1 000-ზე მეტი ასეთი შენობაა აღრიცხული. ამ შენობებიდან მხოლოდ მცირე ნაწილზე (დაახლოებით 15%-ზე) არის მონაცემები დაცული ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივში, სარეგისტრაციო სამსახურში დაცულია მიწის მართვიდან გადმოცემული ბახმაროს მიწის მესაკუთრეთა საგადასახადო სიის ელექტრონული ვერსია და არ არსებობს ამ სიის ქაღალდის ვერსია, აღნიშნულ სიაში ძალიან ბევრი უზუსტობაა და სიის მონაცემები ხშირად არ შეესაბამება ტექბიუროს არქივში დაცულ მონაცემებს. სია არ არის დამოწმებული რომელიმე უფლებამოსილი ორგანოს მიერ. ამ სააგარაკო სახლებზე არ ყოფილა თავის დროზე გაცემული გადაწყვეტილება მიწის გამოყოფის შესახებ, არ ყოფილა გაცემული მშენებლობის ნებართვები, არ ყოფილა გაცემული შენობის ექსპლოატაციაში მიღების აქტი (დაინტერესებულმა პირებმა ზემოთ ჩამოთვლილი ვერც ერთი დოკუმენტი ვერ მოიძიეს არქივში.) არ არის გაცემული ბინებზე ორდერი და არ არის გაცემული პრივატიზების ხელშეკრულება.
ბახმაროს სააგარაკო სახლები წარმოადგენს კერძო (ფიზიკური) პირების საკუთრებას და არა სახელმწიფო საკუთრებას. მასზე, როგორც ბინის ერთეულზე საკუთრების მოწმობის გაცემა კანონით არ არის გათვალისწინებული.
საკრებულოდან მოქალაქეებს ამისამართებენ საჯარო რეესტრში და განუმარტავენ, რომ სააგარაკო სახლები აგებულია 50, 60 და უფრო მეტი წლების წინ (რაც სინამდვილეს წარმოადგენს) და განეკუთვნება მიწისა და უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელობას. ამდენად, ამ ქონების რეგისტრაცია, კანონიდან გამომდინარე, უნდა მოახდინოს საჯარო რეესტრმა. თუმცა, ჩვენ ვერ ვახერხებთ რეგისტრაციას, რადგან მოქალაქეებს არ აქვთ საკმარისი დოკუმენტები", _ ეს წერილი, 2011 წლის ზაფხულში, საჯარო რეესტრის ჩოხატაურის განყოფილების იმდროინდელმა ხელმძღვანელმა ზურაბ საჯაიამ იუსტიციის იმჟამინდელ მინისტრის ზურაბ ადეიშვილს მისწერა.
ჩოხატაურში წერილზე ოფიციალური პასუხი არ მიუღიათ. შესაბამის ორგანოებს სამინისტროდან კიდევ ერთხელ დაუკონკრეტეს, რომ შეესრულებინათ სიტყვიერი ბრძანება და საკუთარი ქონება არავისთვის დაერეგისტრირებინათ.
ბახმაროში ქონების რეგისტრაცია, სრულიად უკანონოდ, მას შემდეგ აიკრძალა, რაც 2010 წლის ზაფხულში, გარემოს დაცვის ინსპექციამ, პატრულირებისას "აღმოაჩინა", რომ მის საკონტროლო ტერიტორიაზე, ტყეში, სახლები იყო აშენებული.
ამ ინფორმაციის თანახმად, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა მოკვლევა დაიწყო და 7 სექტემბერს, საჯარო რეესტრის ჩოხატაურის ფილიალის თანამშრომელი გელა დოლიძე დააკავა. შემდეგ ჯერი საკრებულოზე მიდგა და საჯარო დაწესებულებიდან პროკურატურისა და კუდ-ის მიერ ამოღებული დოკუმენტაციიდან გაირკვა, რომ ამ საქმის ერთ-ერთი კვანძი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იმალებოდა.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის #525-ე ბრძანებულების თანახმად, მოქალაქეებს იმ ნაკვეთების დაკანონება შეეძლოთ, რომლებიც 2007 წლამდე ჰქონდათ ფაქტობრივ სარგებლობაში. ამ ნაკვეთების დაკანონება მხოლოდ შესაბამისი საბუთების და მოწმეების საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიაში წარმოდგენით იყო შესაძლებელი. კომისია გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული და მისი შემადგენლობა სხვადასხვა დროს, კანონის თანახმად იცვლებოდა.
2008-2009 წლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიას შოთა სირაძე ხელმძღვანელობდა. სწორედ მას ჰქონდა უფლება, რომ მიწის მესაკუთრის ცნობა გაეცა, თუმცა, კომისიის რეგლამენტის და კანონის მიხედვით, მოქალაქის განცხადება ჯერ კომისიას უნდა განეხილა და მხოლოდ ამის შემდეგ გაიცემოდა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, რომელსაც ქუთაისის პროკურატურამ მოიკვლია, შოთა სირაძემ 132 ყალბი დოკუმენტი გასცა. სირაძეს 332 მუხლის I ნაწილით წაუყენეს ბრალი, რაც ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს ამავე ვადით თანამდებობის დაკავების აკრძალვით.
"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული დოკუმენტებით კი გაირკვა, რომ სირაძის მიერ გაცემული იყო მიწის საკუთრების 388 მოწმობა.
იმ პერიოდში ლეგალიზაციის კომისიის წევრები, რომელთა უმრავლესობა ახლაც საჯარო სამსახურის თანამშრომლები არიან, ამბობდნენ, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ და სირაძე მიწის საკუთრების უფლებას მათ გარეშე გასცემდა. ანალოგიური იყო ჩოხატაურის საკრებულოს იმდროინდელი თავმჯდომარის ანტონ ხუნდაძის კომენტარიც, რომელიც როგორც გამოძიებასთან, ასევე ჩვენთან ინტერვიუებში ამბობდა, რომ სირაძის საქმიანობის შესახებ საქმის კურსში არ იყო.
შოთა სირაძე რამდენიმე წელი იყო მიმალვაში. თუმცა, ამ დროის განმავლობაში ოჯახთან, მეგობრებთან კავშირს ახერხებდა და სოციალური ქსელებით ინტერვიუსაც იძლეოდა. მიუხედავად ამისა, სამართალდამცავ ორგანოებმა მისი დაკავება ვერ მოახერხეს.
2013 წლის მაისში, შოთა სირაძე პოლიციას ჩაბარდა, გარკვეული დრო საპატიმროში გაატარა და საპროცესო გარიგების შემდეგ თავისუფლება მიიღო.
ასე და ამგვარად მთელ ამ პროცესში მხოლოდ ერთი დამნაშავე _ შოთა სირაძე გამოიკვეთა. გამოძიება, რატომღაც არ დაინტერესებულა იმ მაღალჩინოსნებით, რომლებმაც სირაძის ხელმოწერილი დოკუმენტებით ბახმაროში ქონებები დაირეგისტრირეს.
არადა, გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, ამ პერიოდში ბახმაროში მიწები დაიკანონეს პოლიციის 15-მდე მაღალჩინოსანმა, გურიის რეგიონის ადმინისტრაციული ორგანოს მაღალი რანგის 30-მდე მოხელემ, 50-მდე ჩინოვნიკმა და მათმა ოჯახის წევრებმა.
ფეშენებელური აგარაკების მეპატრონეები, ძირითადად, გურიის რეგიონის მაღალჩინოსნები იყვნენ. მოგვიანებით ამ ადამიანების უმრავლესობას საკუთრების დათმობა მოუხდა. ბევრს იმ პერიოდში თანამდებობაც კი დაატოვებინეს, თუმცა, დროებით _ მათგან დღესაც ბევრი მუშაობს სამართალდამცავ ორგანოებში, ზოგი დაწინაურებულია კიდეც. აღსანიშნავია, რომ ჩინოსნების უმრავლესობამ დაკანონებული მიწები, რომლებზეც სახლები ჰქონდათ აშენებული, ზოგიც კიდევ მშენებლობის პროცესში იყო, ერთი კვირის შუალედში სახელმწიფოს ჩააბარა.
მიტოვების შემდეგ, კანონის მიხედვით, ქონება სახელმწიფო საკუთრებაში საჯარო რეესტრისათვის გაკეთებული მიმართვისა და წერილების საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღრიცხა. რეესტრმა ეს ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში 2011 წლის 13, 14, 20, 24 და 25 იანვარს დაარეგისტრირა. საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, 78 შემთხვევაში, ქონება მათ წინა მესაკუთრეებს (ფიზიკურ პირებს) მართლზომიერ მფლობელობაში ჰქონდათ.
78-დან 30-ზე მეტი, როგორც გავარკვიეთ რიგითი მოქალაქეები იყვნენ _ ადამიანები, რომლებსაც ქონება წინაპრებმა დაუტოვეს და მათ კანონიერი პრეტენზია და უფლება ჰქონდათ ამ ქონებაზე, თუმცა, იმ დროინდელ ხელისუფლებას ეს არაფრად ჩაუგდია.
უფრო მეტიც, ყველა იმ პირს, რომლებმაც ქონება ჩააბარეს, პროკურატურაში მკაცრი გაფრთხილება მიეცათ, რომ ხმამაღლა პრეტენზიები არ უნდა გამოეთქვათ. ბრძანებას ყველა უსიტყვოდ დაემორჩილა.
პრეტენზიებს არც ის ადამიანები გამოთქვამდნენ, რომლებსაც ამ მოვლენების შემდგომ სრულიად უკანონოდ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და საჯარო რეესტრი საკუთარი ქონების დაკანონებაზე უარს ეუბნებოდა.
საკრებულოს არქივში ახლაც ინახება რიგითი მოქალაქეების ათეულობით განცხადება საკუთრების დაკანონების მოთხოვნით და როგორც გავარკვიეთ, არცერთ მათგანზე წინა მოწვევის საკრებულოს პასუხი არ გაუცია.
კანონის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ერთი თვის ვადაში პასუხს არ გაგცემთ, ეს უარს ნიშნავს და უკვე სასამართლოს უნდა მიმართოთ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიას ამის გამო ორმა ადამიანმა უჩივლა, თუმცა, სარჩელის შეტანიდან ძალიან მალე, ორივე მათგანმა სარჩელი უკან გამოიტანა.
არცერთ მათგანს არც მაშინ და არც დღეს ამაზე ღიად საუბარი არ სურს, თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მათ სარჩელი ზეწოლის შედეგად გამოიტანეს.
"გურია ნიუსი" დაინტერესდა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ხომ არ მიმართა პროკურატურას რომელიმე იმ მოქალაქემ, რომლებსაც ქონება უკანონოდ ჩამოართვეს. როგორც გავარკვიეთ, არა. კითხვაზე _ რატომ არ იბრძვიან ქონების დასაბრუნებლად, როცა პროკურატურაში შესაბამისი სამსახურია შექმნილი, უმრავლესობის პასუხი ერთნაირია _ "დღეს, პროკურატურაში, მაღალ თანამდებობებზე ის ადამიანები მუშაობენ, რომლების უშუალოდ მონაწილეობდნენ ქონების ჩამორთმევის პროცესში და ამიტომ აზრი არ აქვს".
პროკურატურაში არა, თუმცა ათეულობით განცხადებაა ამ დროის მონაცემებით შესული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიაში, რომელსაც მალხაზ ჩხიკვაძე ხელმძღვანელობს.
ჩხიკვაძის ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ლეგალიზაციის კომისია ამუშავდა, 400-ზე მეტი განცხადება შევიდა საკუთრების დაკანონების მოთხოვნით. აქედან, 100-ზე მეტი დაკმაყოფილებულია, 250-მდე განცხადება კი განხილვის სტადიაშია.
ლეგალიზაციის კომისია პირადად ამოწმებს იმ ქონებას, რომლის დარეგისტრირებაც მოქალაქეებს სურთ და შესაბამისად, უმეტესად ბახმაროში არიან.
კანონით გათვალისწინებული პროცედურების შემდეგ კი ღია სხდომებს ატარებენ და გადაწყვეტილებებს ასე იღებენ.
ერთ-ერთ ასეთ სხდომას მიმდინარე კვირას გურიის გუბერნატორიც დაესწრო და კომისიის მუშაობით კმაყოფილი დარჩა.
_ ის, რაც ჩემი თვალით ვნახე და მოვისმინე, არის მტკივნეული და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. კმაყოფილი ვარ იმით, რომ აქტიურად მუშაობენ, ადიან ბახმაროში, ასურათებენ და ეს ეტყობოდა კიდეც სხდომას _ ძალიან მომზადებული იყო კომისია და მოხარული ვარ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ამ საკითხს ასე კარგად მიუდგა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.
მისივე თქმით, სხდომაზე მისვლის მიზანი კომისიისთვის დახმარების გაწევა იყო: _ მინდოდა, ადგილზე გავცნობოდი იმ პრობლემებს, რასაც კომისია აწყდება და რაც მუშაობის პროცესში იჩენს თავს, რადგან ამის შემდეგ უნდა მივმართო ცენტრალურ ხელისუფლებას ამ პრობლემების გადასაჭრელად, _ გვითხრა გუბერნატორმა.
კონკრეტულ პრობლემებს შორის, როგორც გავარკვიეთ, ერთ-ერთია მშენებლობის საკითხი. ამ ეტაპზე ბახმაროში სამშენებლო ნებართვები არ გაიცემა, რაც მესაკუთრეების უკმაყოფილებას იწვევს.
თუმცა, ჩვენ გავარკვიეთ ისიც, რომ კურორტზე, ამ ეტაპზე მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ინფორმაციას ჩვენთან საუბრისას ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე მალხაზ ჩხიკვაძეც ადასტურებს, თუმცა, მისი თქმით, კომისიის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება იმის დადგენა, უკანონოა თუ არა მშენებლობა.
ეს საკითხი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის განყოფილების პრეროგატივაა. როგორც აღნიშნულ სამსახურში გვითხრეს, საკითხის შესახებ ინფორმაციას ფლობენ.
_ კურორტ ბახმაროში მიმდინარე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტების მიერ გამოვლენილია სავარაუდოდ უკანონო მშენებლობის რამდენიმე ფაქტი, რაზედაც მიმდინარეობს შესაბამისი მოკვლევა, _ მოგვწერეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან.
აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი _ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის # 728 ბრძანებულების (ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ) 22-ე მუხლის თანახმად, ბახმაროს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების შემდგომი დახვეწისა და ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით, უნდა შექმნილიყო დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისია, რომელიც დაექვემდებარებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს.
ეს კომისია, ბრძანებულების გამოცემიდან 2 წლის შემდეგ, 2014 წლის ნოემბერში ახალი მოწვევის საკრებულომ შექმნა:
_ კომისიას ჩემი მოადგილე, ვლადიმერ სიხარულიძე ხელმძღვანელობდა. სამუშაოები NALA-სთან ერთად განხორციელდა და მომზადდა დოკუმენტი, რომელშიც სახელდებიდან, სტატუსიდან დაწყებული, პრობლემებით დამთავრებული, ყველა ის საკითხია შესული, რაც კურორტის განვითარებისთვის აუცილებელია. დოკუმენტი უკვე გაგზავნილია ინფრასტრუქტურის სამინისტროში და ველოდებით პასუხს. ასევე, კომისიამ შესაბამისი დოკუმენტებით მიმართა იუსტიციის სამინისტროსაც, სადაც დაგვიმზადეს რეგისტრაციების და რუკების ელექტრონული ვერსიები. შესაბამისად, ახლა უკვე გვაქვს ბახმაროს სრული რუკა, რომელსაც ახლავს ინფორმაცია ვის და სად აქვს დარეგისტრირებული სახლი ბახმაროში, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ.
მისივე ინფორმაციით, მან, აღნიშნულ კომისიას, ლეგალიზაციის კომისიასთან ერთად, მისცა დავალება, რომ ოქტომბრის ბოლოს დაიდოს დოკუმენტი, სადაც დაკონკრეტებული იქნება ის პრობლემები, რაც ხელს უშლის ბახმაროს განვითარებას, ინფრასტრუქტურის მოწყობას, ლეგალიზებას და ამავე დოკუმენტში ხაზგასმული იქნება საგადასახადო რეგულირების საკითხები:
_ ყოველ წელს საკმაოდ დიდი თანხას ხარჯავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ბახმაროში, თუმცა, ჩვენ შესაბამისი შემოსავალს ვერ ვიღებთ. ამიტომაც, კომისიებისთვის მიცემული დავალებებიდან ერთ-ერთია ამ საკითხის გარკვევა, _ აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.
გურიის გუბერნატორის თქმით, მას შემდეგ, რაც კომისიიდან დოკუმენტს მიიღებს, ცენტრალურ ხელისუფლებას კონკრეტული წინადადებებით მიმართავს:
_ ქალბატონ თეა წულუკიანს ბახმაროს თემაზე ზაფხულში ვესაუბრე და საკითხებიც გადავუგზავნე. ახლა კი, საკრებულოს თავმჯდომარესთან და კომისიასთან შეთანხმების მიხედვით, მას შემდეგ, რაც კომისია, თოვლის გამო, დროებით შეაჩერებს მუშაობას, განზოგადებულ პრობლემატიკას მომაწვდიან და იუსტიციის მინისტრს უკვე კონკრეტული წინადადებებით მივმართავ, _ გვითხრა გუბერნატორმა.