საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი სამუშაო ვიზიტით, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგში გაემგზავრა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდთან, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის (CPT) აღმასრულებელ მდივან ერუნ სხოკენბრუკთან, ვენეციის კომისიის მდივან ტომას მარკერტთან და ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის დირექტორ ქრისტოს გიაკომპულოსთან.
შეხვედრებზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში გატარებულ რეფორმას განიხილავენ, კონკრეტულად საუბარი შეეხება მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს, პენიტენციური ჯანდაცვის საკითხებს, საკანონმდებლო ცვლილებებს, პენიტენციურ ინფრასტრუქტურას, პრობაციის სფეროში გატარებულ რეფორმებს და იმ სხვა თემებს, რომელიც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირობების გაუმჯობესების და მათი უფლებების დაცვისთვის მნიშვნელოვანია. ამასთან, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება საერთაშორისო გამოცდილების და რეკომენდაციების გაზიარებაზე.
საქართველოს პენიტენციური სისტემის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით დაიწყო სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა, რომლის ფარგლებში, გაუმჯობესდა მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებრივი მდგომარეობა, აღმოიხვრა წამებასა და არადამიანურ მოპყრობაზე დაფუძნებული სისტემა, დაინერგა კვების ახალი სტანდარტი და პირველადი ჯანდაცვის მოდელი, სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროგრამა და სხვა.
(R)