დღეს ლანჩხუთში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ კახა ასკურავამ და მისმა თანაპარტიელმა და საკრებულოს წევრმა გია გოგუაძემ, რომლებმაც მომხდარი ინცინდენტის შემდგომ მალევე მოახერხეს პარტიის ოფისის კარების გაღება და ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გაგრძელება.
ასკურავას თქმით, იმ დროისთვის, როცა "ქართული ოცნების" აქტივისტები იკრიბებოდნენ, ის სამტრედია – გრიგოლეთის მონაკვეთზე საავტომობილო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების შესწავლის მიზნით ლანჩხუთის საკრებულოში შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე იყო.
" ვაკეთებდი საქმეს ხალხის სასარგებლოდ, ვიცავდი იმ ადამიანების ინტერესებს, ვისაც მხოლოდ 3 ლარს აძლევენ მიწის კომპენსაციისთვის. მართლაც დაკავებული ვიყავი საქმით, მაშინ როცა, "ქართული ოცნების" აქტივისტები დაკავებულები იყვნენ იმით, რაც დღეს მთელმა საქართველომ იხილა. ესაა სხვაობა ჩვენსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც დღეს აქ იმყოფებოდნენ. ისინი საქმის კეთების ნაცვლად დაკავებულები არიან იმით, რომ როგორმე ხელისუფლება შეინარჩუნონ, მხოლოდ და მხოლოდ ესაა მათი ინტერესი და წამსვლელები არიან ყველაფერზე. თესავენ ქარს და მიიღებენ ქარიშხალს. ესაა აგონიაში ჩავარდნილი ადამიანების ქმედება. ყველა იყო საჯარო მოხელე, მათ ხალხის მხარდაჭერაც კი აღარ აქვთ".
გია გოგუაძემ დღეს ლანჩხუთში პარტიის ოფისთან განვითარებულ მოვლენებზე მთელი პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა ურუშაძესა და საკრებულოს ხელმძღვანელობას დააკისრა.
"როცა დავინახე, რომ ქალაქის ცენტრში შეკრება ხდებოდა, თანაც ყველა საჯარო მოხელე იყო, დავურეკე საკრებულოს თავმჯდომარეს, გოგი ხელაძეს და საქმის კურსში ჩავაყენე. მითხრა, რომ თბილისში იმყოფებოდა და სიტუაციას აუცილებლად გაარკვევდა. შემდეგ გამგებელსაც დავუკავშირდი, რომელმაც გაიკვირვა და თქვა, არაფერი ვიციო. ასევე სატელეფონო საუბარი მქონდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან გელა კილაძესთანაც. ბატონ გამგებელსაც და ბატონ კილაძესაც ვუთხარი, რომ შემდგომში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებოდათ. ამის მერე მოხდა ის, რომ გამგებელმა გამოგვიგზავნა მისი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე და პირადი მდივანი, რომელიც სურათებს გვიღებდა. ასევე იყვნენ ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები. ასევე საკრებულოს სოციალური კომისიის თავმჯდომარე, ქალბატონი ია ჩხაიძეც, რომელიც თანამოაზრეებს ეუბნებოდა, რომ დღეს ამ სიამოვნებას ვერ მიიკლებდა, ეს უნდა მენახა, ამ ხალხს კიდევ ხელისუფლებაში გონიათ თავი, ისეთი ბრძანებლური კილოთი გველაპარაკებიან საკრებულოშიო. აი, ეს გააკეთა დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა", -გაგვიცხადა გოგუაძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ მხოლოდ ია ჩხაიძის და გოგი ხელაძის კომენტარი მოვიპოვეთ.
"ახლა ლანჩუთში არ ვიმყოფები, ჩემს მოვალეობას გელა კილაძე ასრულებს. როგორც კი ჩამოვალ, დეტალურად გავერკვევი სიტუაციაში", -გვითხრა ხელაძემ. ია ჩხაიძის თქმით კი, ის ღონისძიებაზე იმყოფებოდა და პასუხის გაცემა არ შეეძლო.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა ურუშაძესა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს გელა კილაძეს, მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ლანჩხუთში "ქართული ოცნების" აქტივისტებმა, რომელთა შორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სხვადასხვა ა(ა) იპ-ების თანამშრომლები ჭარბობდნენ და აქტიურობდნენ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის შესასვლელი რკინის კარები შეადუღეს და აცხადებდნენ, რომ ლანჩხუთში ამ პარტიის ფუნქციონირება უნდა აიკრძალოს.
ჩვენ შემდგომშიც ვეცდებით ზაზა ურუშაძესთან დაკავშირებას და მის კომენტარს მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, აუცილებლად შემოგთავაზებთ.