ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამ წუთებში "კურიერის" სპეციალური გამოშვების პირდაპირ ეთერში საგანგებო განცხადებას აკეთებს. როგორც გვარამიამ აღნიშნა, "ქვეყანაში დამყარებულია რეჟიმი და თავისუფალი მედია არ არსებობს".
"დღეს შედგა საუბარი ჩემსა და ადამიანს შორის, რომელიც როგორც წესი, მაწვდის სამთავრობო მესიჯებს. მინდა, რომ დღევანდელი საუბრის შინაარსი საჯაროდ განვაცხადო, რომელიც ჩემთვის ცნობილი გახდა ამ საუბრიდან. ხვალ სასამართლოზე გამოვა გადაწყვეტილება, კომპანიას მიაკუთვნებენ ქიბარ ხალვაშს. ამ გადაწყვეტილებას ხვალვე ან შემდეგ დღეს მოყვება დაუყოვნებლივი აღსრულება. მოთხოვნა ჩემს მიმართ იყო, რომ მე გავწეულიყავი. რაზეც ვთქვი, რომ ამას არასოდეს გავაკეთებ. ამის საპასუხოდ მითხრეს შემდეგი: არ უნდა დამავიწყდეს, რომ ჩემი ოჯახის წევრები ცხოვრობენ აქ და ვერ მოვასწარი ამერიკაში გაშვება, როგორც მინდოდა; არ უნდა დამავიწყდეს, რომ არსებობს კონკრეტული ურთიერთობები, რომელიც ვიდეოზეა გადაღებული და ეს ყველაფერი გამოქვეყნდება. ასევე, სატელეფონო საუბრები სააკაშვილთან და მე პერსონალურად ვიქნები განადგურებული", _ აცხადებს გვარამია.
შეხვედრაზე ტელეკომპანიაში დიპლომატიური კორპუსის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან.