შრომა (ადრე ამ სოფელს მიქელ-გაბრიელი ერქვა) სოფელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, რომელიც მდინარე სუფსის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 80 მეტრზე, ქალაქ ოზურგეთიდან 36 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
შრომის თემში შედის სოფლები _ ვაკე, ზედუბანი, მოცვნარი, ორმეთი, ხრიალეთი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შრომაში 1435 კომლი ცხოვრობს, მოსახლეობის რაოდენობა კი 4 632-ია.
ოფიციალურ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, შრომა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი დიდი სოფელია; სოფელი, რომლის სახელი საბჭოთა კავშირში კარგად იცოდნენ _ იმ დროს შრომაში ჩაი მოჰყავდათ. 1927 წელს ჩაის ფართობი 100 ჰექტარს შეადგენდა, 1935 წელს კი უკვე 1000 ჰექტარზე მეტი იყო. 1933 წელს აშენდა შრომის ჩაის ფაბრიკა. შრომის ორჯონიკიძის სახელობის კოლმეურნეობა რაიონში ყველაზე მდიდარი იყო ნატანების შემდეგ.
ეს სიმდიდრე სოფელს დღესაც ეტყობა _ 1950-იან წლებში აშენებულ, 800 ადამიანზე გათვლილ კულტურის სახლში ხელოვნების ბევრი ნიმუში დღესაც შეგიძლიათ იხილოთ. მართალია, დრომ და ადამიანებმა ბევრი რამ დააზიანეს, თუმცა, იქ მისულებს არქივის ნახვა არ დაგჭირდებათ იმის დასადასტურებლად, თუ რა დიდი ისტორიისაა ეს სოფელი.
ამაში ცენტრში მდგარი შენობაც დაგარწმუნებთ, რომელიც მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და სადაც დღეს გამგებლის წარმომადგენლობა, ბანკი და საცხობია განთავსებული.
შენობა მართლაც დიდებულია, კარგად ნაშენი, თუმცა, ამჟამად გაპარტახებულია. კულტურის სახლის მსგავსად, ამ შენობაშიც შეგიძლიათ იხილოთ ხელოვნების ნიმუშები. ჭერი უკვე დაზიანებულია და როგორც ჩანს, წვიმაც ჩამოდის. თუმცა, ეს მესამე სართულზე, სადაც ოთახები ნაგვის ბუნკერად არის ქცეული.
მეორე სართული სუფთაა _ აქ გამგებლის წარმომადგენელი და მისი თანამშრომლები სხედან. როგორც ჩანს, სოფელ შრომის რწმუნებულს, მაყვალა დარჩიას, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას დაა, საკუთარ სამუშაო გარემოზე ზრუნვა არ უჭირს, რასაც ვერ ვიტყვით შენობის შესასვლელზე, რომელიც მესამე სართულის მსგავსად, ნაგვითაა სავსე.
ნაგავი თვალში ადვილად მოგხვდებათ, თუმცა, რამდენიმე ადგილზე მას სახელდახელო კარიც ფარავს.
სოფელში ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობად მიაჩნიათ 1978 წლის 17 ნოემბერს გახსნილი საბრძოლო დიდებისა და მეგობრობის მემორიალი, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები, ტანკია. ამავე მემორიალს "ამშვენებს" საბჭოთა სიმბოლიკა, რომელიც კანონით აკრძალულია და რაც გარკვევით წერია თავისუფლების ქარტიასა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ ტანკის სანახავად, ფოტოების გადასაღებად უცხოელები ხშირად მოდიან. თუმცა, ადგილობრივი გამგეობის შენობის მსგავსად, უსუფთაობა აქაც თვალში საცემია.
სოფელ შრომაში გამგებლის წარმომადგენელი მაყვალა დარჩია ამბობს, რომ ის "ყარაულად ვერ დადგება":
_ დაგერეკათ ჩემთვის, თუ მოდიოდით? შენობაში რომ შედიხართ, გამგებელი ან მოადგილე არ უნდა მოიკითხოთ? _ საყვედურით დაიწყოს ჩვენთან სატელეფონო საუბარი დარჩიამ.
_ ქალბატონო მაყვალა, შენობაში თქვენი თანამშრომლები ვნახეთ. რაც შეეხება შეტყობინებას, არ ვართ ვალდებულნი, საჯარო სივრცეში გადაადგილება თქვენ შეგითანხმოთ. გვაინტერესებს, რატომაა ამდენი ნაგავი იმ შენობის მესამე სართულზე, რომელშიც თქვენი სამუშაო კაბინეტია განთავსებული?
_ ნაგავი იმიტომ ყრია, რომ შენობა ავარიულია, წყალი ჩამოდის და ბათქაში ცვივა სულ.
_ ბათქაშის გარდა, ვნახეთ ბოთლები, ძონძები, სიგარეტის კოლოფები…
_ კი, იქნებოდა, და მე რით დავიცავ მაგას, მაინტერესებს… რემონტი უნდა მაგას და ეს არაა ესე სალაპარაკო.
_ და შენობაში ნაგავი უნდა ეყაროს?
_ ჯერ ერთი, დამლაგებელი არ მყავს შტატით. დავალაგებინე ეგ შენობა და ერთ კვირაში მასეთ მდგომარეობაში მოაქციეს.
_ ნაგავი შემოსასვლელშიც ბევრი ყრია..
_ სკოლის მოსწავლეებიდან ვერ ვიცავთ. ჩემს ფულს ვაძლევ დამლაგებელს, მოვაგვევინებ, რაც ქაღალდია, რაც ნაჭერი და რაც ჯანდაბა და მაინც იქ ყრიან ყველაფერს. ამას ბავშვები აკეთებენ, აბა დიდები არ დადიან იქ(?!).
იქ არის მაღაზიები და ბაშვები ბოთლებს და ნარჩენებს ყრიან და მე რა გავაკეთო?! ფეხზე უნდა იდგე მაშინ. ასჯერ ვუთხარი ბავშვებს, რომ ნაგავი არ შეიძლება იყოს კიბის ქვეშ, მაგრამ მაინც ყრიან. სხვა აბა რა გითხრათ, შენობა რომ სარემონტოა ვერ ხედავთ? რომ მოვითხოვე რემონტი, ჭერი მაინც გავაკეთოთ,-მეთქი, მილიონი მანეთი უნდა მაგასო, მიპასუხეს.
_ ალბათ, მილიონი ლარს გულისხმობთ.
_ კი, მილიონი ლარია საჭირო. გარდა ამისა, ეგ შენობა სხვანაირი ნაშენებია. იატაკზე გავლა მეშინია, მუზეუმიც კი დაკეტილია.
_ ნაგავი ავარიულობის ბრალია, ქალბატონო მაყვალა? თქვენ მეორე სართულზე გაქვთ კაბინეტი, მესამე და პირველი სართულები კი ნაგვითაა სავსე.
_ რა ვქნა მერე მე?! პირველზე სულ ვხვეტავთ, მაგრამ მაინც ყრიან და იქ ვერ დავდგები 24 საათი. მოვლენ, შეყრიან. დიდიც შვება და ბავშვიც, ალბათ, და თუ არაა გაზრდილი, მე რა, გავზრდი თუ? _ აღნიშნა ჩვენთან სატელეფონო საუბრისას სოფლის პირველმა პირმა.
როგორც ჩანს, რწმუნებულის მსგავსად, სხვისი ნაგვის აღება სხვებისთვისაც სათაკილოა. უფრო მეტიც, სოფლის ცენტრში, ერთ-ერთი ბუნკერი წაქცეული დაგვხდა. კითხვაზე, ვინ უნდა გაასწოროს ბუნკერი, რომელიც სოფლის მოსახლეობის თხოვნით, ნაგვის ჩასაყრელად დაიდგა, ყველამ მხრების აჩეჩვით გვიპასუხა.