დღეს გურიის სამივე მუნიციპალიტეტში, ჩოხატურში, ლანჩხუთში და ქალაქ ოზურგეთში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისები წითელი წარწებით დაამახინჯეს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ლიდერების თქმით, ამის უკან ადგილობრივი ხელისუფლება დგას.
"ნაცმოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციაში გვითხრეს, რომ ყველაზე მეტად გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე და მისი მოადგილე სოსო ერქომაიშვილი აქტიურობს, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია არ იყოს გურიაში.
გურიის გუბერნატორის მოადგილე, სოსო ერქომაიშვილი ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ გურიის გუბერნატორი და მისი მოადგილე ამ ამბებთან დაკავშირებული არ არიან.
"თითქოსდა მე წითელი საღებავებით შევღებე ოფისები, ეს არის აბსოლუტური აბსურდი, შეთითხნილი საკითხი "ნაციონალური მოძრაობი" რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებიდან.
გეტყვით, რომ ჩემი პირდაპირი ვალდებულება არის არა პოლიტიკური საქმიანობა, არამედ ადმინისტრაციული საკითხებისთვის მუშაობის ხელშეწყობა. ანუ პრობლემური საკითხების მოგვარება, რაც პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლობითი ორგანოს კომპეტენციებში შედის."
"ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს სურთ, მათთვის დამახასიათებელი ხელწერით და აღარ განვმარტავ თუ რა ხელწერაზეა საუბარი, ეს ისედაც მთელმა საქართველომ იცის, ჩრდილი მიაყენონ პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლობას გურიაში, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელები ვერანაირი მექანიზმით ვერ მიაღწევენ". – ამბობს სოსო ერქომაიშვილი.
"ქართული ოცნების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით დარჩია "გურია ნიუსთან" შემდეგი სახის კომენტარს აკეთებს.
"მიმაჩნია, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი ღირებულებაა. აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანს აქვს უფლება, მოვლენებისა და ფაქტების მიმართ გამოხატოს სამართლიანი პროტესტი.
როგორც პარტიის თავმჯდომარე ვაცხადებ, რომ აღნიშნული აქციის ორგანიზებასთან, "ქართული ოცნება – დმოკრატიული საქართველო"-ს კავშირი არ აქვს." – მიიჩნევს დარჩია.
ოზურგეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარით შემოიფარგლა ქალაქ ოზურგეთის მერი, ბეგლარ სიორიძე:
"გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს საკეთებელი, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მომხდარ ფაქტზე კომენტარის გაკეთება."
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი კვერღელიძე ამბობს, რომ დემოკრატიულ სახლემწიფოში, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, ყველა ადამიანის უფლებაა გამოხატვის თავისუფლება და თუ ვინმე კანონის ჩარჩოებიდან გავა, მოვუწოდებ სამართალდამცავებს წესრიგის უზრუნველყოფისკენ.
" როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირს, მაქვს ინფორმაცია, რომ არც ერთი ჩემი კოლეგა და საჯარო მოხელე მსგავს აქციაში არ მონაწილეობდა.- გვითხრა დიმიტრი კვერღელიძემ.
"გურია ნიუსი" ასევე დაუკავშირდა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს და მათ კომენტარებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.